კალაძე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე: არავის დავტოვებთ მარტო პრობლემების პირისპირ

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება არავის არ დატოვებს პრობლემების პირისპირ.

ეს მან სამარშრუტო ტაქსების მძღოლების შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა - მძღოლები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, ვინაიდან, მათი თქმით, ეს სამუშაო მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და ახლა მათ მრავალშვილიან ოჯახებს საკვების გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

"ჩვენ დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველოში ვებრძვით ვირუსს, ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ეს გავლენას იქონიებს როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ეკონომიკაზე.

მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულია ამაზე მუშაობა, არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. მიმდინარეობს ყოველდღიური შეხვედრები, მსჯელობები, რა დახმარებები იქნება, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, ამის შესახებ ინფორმაციას გავაჟღერებთ", - თქვა კალაძემ.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა თბილისში 18 მარტიდან აიკრძალა. პრემიერმინისტრმა გახარიამ მიზეზად მათში სიმჭიდროვე და კორონავირუსის გადადების საფრთხე დაასახელა. 

კომენტარები