საპატრიარქო

საპატრიარქო: სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ ზიარების წესზე პირადი მოსაზრებებისგან

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ზიარების წესზე აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

საპატრიაქოს განცხადებაში წერია, რომ ზიარების წესსა და ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, "სასულიერო პირთა შორისაც". 

"ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება", - წერია განცხადებაში.  

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 14 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დასაშვებად მიაჩნიათ, ზიარების შემდეგ სასმლის, "სიტკბოების" მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით მოხდეს. თუმცა, საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლაზე კვლავ უარს ამბობს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს". 

"თამაშის და გმირობის დრო არაა, ჩემი აზრით, ზიარების წესი უნდა შეიცვალოს", - თქვა მამა ალექსანდრე გალდავამ გუშინ, 18 მარტს.

კომენტარები