კორონავირუსის გამო ავსტრალია და ახალი ზელანდია უცხოელებისათვის საზღვრებს კეტავენ

ჯასინდა არდერნი
Reuters

ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საზღვრები დაკეტეს. ქვეყნებში შესვლას ვეღარ შეძლებენ ის პირები, რომლებსაც მოქალაქეობა, ან ცხოვრების უფლება არ აქვთ. გადაწყვეტილება ძალაში 19 მარტიდან შევა.

"მე არ შევეგუები რისკს ჩვენს საზღვრებთან. დღევანდელი გადაწყვეტილებით ტურისტები, დროებითი ვიზის მფლობელები, მაგალითად სტუდენტები და დროებით დასაქმებულები, ახალ ზელანდიაში ვეღარ შემოვლენ." თქვა ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნამ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით მოქალაქეების ბავშვები, მეუღლეები, არასრულწლოვანთა მეურვეები ქვეყანაში შესვლას კვლავ შეძლებენ, ისევე როგორც ის პირები, ვინც გადაწყვეტილების გამოცხადებისას უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.

შეზღუდვები არ გავრცელდება საქონლის მიმოცვლაზე. არდერნმა თქვა, რომ საკმარისი მარაგი აქვთ და პანიკი საფუძველი არ არსებობს.

ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსის 28 შემთხვევაა დაფიქსირებული. ავსტრალიაში გამოვლინდა დაავადების 709, გარდაცვალების 6 შემთხვევა.

"ავსტრალიაში დაფიქსირებული შემთხვევების უდიდესი ნაწილი სხვა ქვეყნიდან არის შემოტანილი." თქვა ქვეყნის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა.

კომენტარები