გამყრელიძე: გრიპზე აღებული ნიმუშები COVID-19-ზე გადავამოწმეთ, ყველა უარყოფითი აღმოჩნდა

news.ge

NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალ კორონავირუსზე იმ პაციენტების ნინუშების შეამოწმეს, რომელთა კვლევაც ჩვეულებრივ გრიპზე მიმდინარეობს, თუმცა, არც ერთი პასუხი Covid-19-ზე დადებითი არ აღმოჩნდა.

გამყრელიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თქვა, რომ ეს დასკვნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან დამტკიცდა, რომ სიმპტომების მსგავსების გამო ახალი კორონავირუსის შემთხვევები არ ეშლებათ გრიპის შემთხვევებში და ამ ფორმით "კორონავირუსი მოსახლეობაში არ ეპარებათ".

"საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური 10-მდე საიტი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის და პარალელურად, ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე, სადმე ხომ არ გვეპარება გრიპის სიმპტომებით.

კლინიკურად ძალიან ჰგავს გრიპი. ამიტომ შევამოწმეთ, ხომ არ გვეპარება კორონავირუსი მოსახლეობაში. ყველა ნიმუში კორონავირუსზე აღმოჩნდა უარყოფითი. დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოსალოდნელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვალდებულება კი შეკავების ამ ფაზის დიდხანს შენარჩუნებაა.

:ყველა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად მიდის პანდემია. ჩინეთს გარეთ სამყარომ გადააჭარბა ჩინეთს აბსოლუტური რიცხვებით. განსაკუთრებით ბევრი ევროპულ ქვეყნებში, წინ არის იტალია. ჩვენ, როგორც ევროპის ნაწილს, გასაკვირი არ არის, გვექნეს შემთხვევების მატება. ჩვენი მთავარი მოვალეობაა, ეს მატება არ იყოს სწრაფი და რადიკალური. შევინარჩუნოთ შეკავების ამ ფაზის მდგომარეობა დიდხანს, რომ სწრაფად არ გავიდეთ სწრაფი გავრცელების და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ბაზაში",- თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 262 ადამიანი.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

კომენტარები