მოსკოვის საპატრიარქო თითოეული ადამიანის ზიარების შემდეგ კოვზს სპირტით გაწმენდს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მოსკოვის ეპარქიისთვისახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები შეიმუშავა, რომელიც პატრიარქმა კირილმა დაამტკიცა. 

კონკრეტული ინსტრუქციები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც სხვა ზომებთან ერთად, ასევე წერია, რომ თითოეული ადამიანის ზიარების შემდეგ კოვზს სპირტით ხელსახოცით გაწმენდენ, ზიარების შემდგომ მისაყოლებელს კი მრევლს ერთჯერადი ჭიქებით მიაწვდიან. 

იმავე ინსტრუქციის მიხედვით, მოსკოვის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებში სეფისკვერის დასარიგებლად ერთჯერად ხელთათმანებს გამოიყენებენ, ხოლო ზეთისცხებისას - ერთჯერად ბამბის ჩხირებს. 

ამასთან, ეპარქია მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მრევლისთვის საამბორებლად ხელის გაწოდებისგან. 

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ზომები დროებითია და ემყარება წმინდა წერილს, კერძოდ "არა გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი" (მათე 4.7). 

რუსეთის პატრიარქის ეს გადაწყვეტილება სხვა ეპარქიებისთვის შესასრულებლად სავალდებულო არ არის. 

საქართველოს საპატრიარქო ამ დრომდე უარს ამბობს, შეცვალოს ზიარების წესი, თუმცა საპატრიარქომ დასაშვებად ცნო ზიარების შემდგომი მისაყოლებელის ერთჯერად ჭიქებში დარიგება. 

კომენტარები