გლობალური ეკონომიკა

კორონავირუსის გამო, განვითარებადი ბაზრების ვალუტები შესაძლოა, კიდევ 30%-ით გაუფასურდეს

იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ინდექსები ვარდნას განაგრძობს და 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროინდელ მაჩვენებლებს გაუტოლდება, განვითარებადი ბაზრების ვალუტები შესაძლოა დამატებით 30%-ით გაუფასურდეს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარი.

გამოცემის გათვლებით, Сovid-19-ის გავრცელების გამო ყველაზე რთულ მდგომარეობაში უარყოფითი მიმდინარე სავაჭრო ანგარიშისა და ფინანსური ბაზრების დაბალი ლიკვიდურობის მქონე ქვეყნები აღმოჩნდებიან. საქართველო სწორედ იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალშია, სადაც მიმდინარე ანგარიში საგრძნობლად უარყოფითია, ხოლო ფინანსური ბაზრების ლიკვიდურობის მაჩვენებელი - არასახარბიელო.  

"მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს ვალუტები უკვე მნიშვნელოვნად გაუფასურდნენ, არსებობს მოლოდინი, რომ დიდი დანაკარგები ჯერ კიდევ წინაა", — წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.

ყველაზე მძიმე პერსპექტივა ამ დროისთვის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის ეროვნულ ვალუტას ემუქრება. მომავალ თვეებში თურქულმა ლირამ შესაძლოა თავისი ღირებულების 39%-მდე დაკარგოს. ამასთანავე, გამოცემის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი კურსის მეტნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს და შესაძლოა, დანაკარგები პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდეს. 

ყველაზე მოწყვლადი ვალუტების სიაში მეორე ადგილზე საქართველოს ასევე ერთერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის ვალუტაა. ბოლო კვირებში ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, რუბლი დოლართან მიმართებით 18%-ით უკვე გაუფასურდა, თუმცა შესაძლოა, კიდევ 29%-ით გაუფასურდეს. 

ამ პროგნოზის ფონზე, უარყოფითი მოლოდინები არსებობს საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართაც. როგორც წესი, ნავთობის ფასის ვარდნა ლარზე უარყოფითად აისახება, რადგან საქართველოს სამი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორიდან ორი - ნავთობის მწარმოებელი ეკონომიკებია. 

ნავთობზე ფასების ვარდნა პირველ რიგში სწორედ ასეთი სახელმწიფოების ვალუტებს ურტყამს, თუმცა ირიბი დარტყმის ქვეშ დგება ამ ქვეყნებთან აქტიური სავაჭრო ურთიერთოებების მქონე სახელმწიფოებიც. მოსალოდნელია საქართველოს ექსპორტის შემცირება, ეს კი, კიდევ უფრო გაზრდის უარყოფით სავაჭრო ანგარიშს. 

პერსპექტივას კიდევ უფრო ამძიმებს ახალი კორონავირუსის პანდემია, რომლის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს სავალუტო შემოდინებებისა და ლარის კურსის სტაბილურობის ერთერთი ფაქტორი - ტურიზმი.

შექმნილ უარყოფით მოლოდინებზე მიუთითებს ლარის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში - ლარმა გაუფასურების ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა და ერთი დოლარის ღირებულებამ სამ ლარს გადააჭარბა. 

ბოლო ათ დღეში ლარი დოლართან მიმართებით 30 თეთრით, ხოლო ევროსთან - 28 თეთრით გაუფასურდა. 

ვალუტების ჩამონათვალი, რომლებიც მომდევნო თვეებში შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუფასურდნენ, ასე გამოიყურება:

  • თურქული ლირა — 39%;
  • რუსული რუბლი — 29%;
  • კოლუმბიური პესო — 23%;
  • სამხრეთ-აფრიკული რენდი — 22,4%;
  • ჩილეს პესო — 17,8%;
  • სამხრეთ-კორეული ვონი — 17,7%;
  • მექსიკური პესო — 16,1%;
  • ბრაზილიური რიალი — 16,1%;
  • პოლონური ზლოტი — 11,8%.

კომენტარები