სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი რელიგიურ ორგანიზაციებს: თავი შეიკავეთ მასობრივი რიტუალებისგან

gov.am

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივი რიტუალებისგან თავის შეიკავონ და ის კორონავირუსის საფრთხეების სრულად აღმოფხვრამდე გადადონ. 

ამის შესახებ მინისტრმა ტოროსიანმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა. 

"გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ ვიცი, როგორია ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების გადაწყვეტილება - აგრძელებენ, თუ შეწყვიტეს საკუთარი რიტუალები, მაგრამ მე მათ მინდა, შევახსენო, რომ სამხრეთ კორეასა და მეზობელ ირანში ახალი კორონავირუსის ინფექცია სწორედაც რელიგიური ცერემოენიების ფარგლებში გავრცელდა. 

ამიტომაც, მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებსა და ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, თავი შეიკავონ მასობრივი რიტუალებისგან, გააუქმონ ის იქამდე, სანამ ეპიდემიის საფრთხე არ აღიკვეთება. ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია," - წერს ტოროსიანი. 

ამ დროისთვის სომხეთში ახალი კორონავირუსი 30-მდე ადამიანს აქვს დადასტურებული. 

კომენტარები