მხოლოდ 15 მარტს იტალიაში Covid-19-ის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 368.
სულ იტალიაში კორონავირუსის 24 747 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 1 809 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა 2 335.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით იტალია მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება, სადაც ინფიცირების 80 849 ფაქტი დადასტურდა. დაიღუპა - 3 199 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 66 931. თუმცა, ჩინეთში ინფექციის გავრცელება მკვეთრად იკლებს. 15 მარტს ჩინეთში ინფიცირების ახალი 25 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 10 ადამიანი.

WHO-მ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, "გავრცელებისა და სიმძიმის შემაშფოთებელი დონისა და შემაშფოთებელი უმოქმედობის" მიზეზებით.
COVID-19 ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ სითხეებით, რომლებიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა. ვირუსის სიმპტომებია: სხეულის მომატებული ტემპერატურა; სუნთქვის გაძნელება; დაღლილობა; მშრალი ხველა; ცხვირის დაგუბება; სურდო; დიარეა.
ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს: ხელები ხშირად დავიბანოთ, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში; ხელების დაბანამდე არ შევეხოთ სახეს, ცხვირს, ტუჩებს, თვალებს; დეზინფექციისთვის გამოვიყენოთ სამედიცინო სპირტი ან სხვა სითხეები, რომელთა შემცველობის 70% ან მეტი სპირტია. მოვერდოთ თავშეყრის ადგილებს, საჯარო სივრცეებში ყოფნას; იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი გვქონდა ინფიცირებულთან ან სავარაუდო ინფიცირებულ ადამიანთან, 2 კვირის განმავლობაში დავრჩეთ თვითიზოლაციაში.
15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. . NCDC-მ და საქართველოს მთავრობამ დააწესა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში შემდეგი 8 ქვეყნიდან შემოვლენ: ჩინეთიდან; სამხრეთ კორეიდან; ირანიდან; იტალიიდან; საფრანგეთიდან; გერმანიიდან; ესპანეთიდან; ავსტრიიდან;





