Freedom House-ის კვლევა

არაფორმალური როლი, ოლიგარქიული გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებზე - FREEDOM HOUSE ივანიშვილზე

telegraph.co.uk/

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House-ის ახალ ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, როლზე ქართულ პოლიტიკაში. 

ანგარიშის შესავალ ტექსტში წერია, რომ ოლიგარქიული გავლენა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას და რომ სამართლის უზენაესობას პოლიტიზირებამ ძირი გამოუთხარა. 

"საქართველოს დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად განვითარების ნიშნები აჩვენა, მაგრამ ბოლო წლებში უკუსვლა გამოიხატა.

ოლიგარქიული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე მოქმედებს და სამართლის უზენაესობას ძირი გამოუთხარა პოლიტიზირებამ. არათანმიმდევრულად იცავენ სამოქალაქო თავისუფლებას,"- წერია ანგარიშში. 

Freedom House-ის ანგარიშში, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არცერთ საჯარო თანამდებობას არ იკავებს, მაინც ახდენს გავლენას საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში. 

"ივანიშვილი, მდიდარი ბიზნესმენი, რომელმაც ქართული ოცნება 2011 წელს დააარსა, პრემიერმინისტრობიდან და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობიდან 2013 წელს გადადგა, თუმცა ის დარჩა პარტიის მთავარ დამფინანსებლად და გააგრძელა მისი არაფორმალური კონტროლი. პრემიერმინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის პოსტებზე მისი შემცვლელები უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირები არიან და იმ ინსტიტუტებში მუშაობდნენ, რომელსაც ის აკონტროლებდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის მმართველი პირების დანიშვნაში. 

არჩეული თანამდებობის პირების უნარი, შეიმუშავონ და განახორციელონ სამთავრობო საჯარო პოლიტიკა, ზიანდება ივანიშვილის არაფორმალური როლით, რომელსაც არცერთი საჯარო თანამდებობა არ უკავია, თუმცა აქვს თვალსაჩინო გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებში. 

მისი დე-ფაქტო ავტორიტეტი 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი მასთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხზე უთანხმოების გამო გადადგა. 

ივანიშვილის პოლიტიკური გავლენა ასევე ჩანს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ივანიშვილის ფინანსური და ბიზნესინტერესებისადმი ზოგადი უპირატესობის მინიჭებაში და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მრავალმილიარდდოლარიან "ქართული თანაინვესტორობის ფონდის" შემთხვევაში, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და აქტიურია თბილისში უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტებში,"- წერია ანგარიშში. 

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგებშია. ამასთან, ქვეყნის თავისუფლების ინდექსი შარშანდელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა და მაქსიმალური 100 ქულიდან 61 შეადგინა, საიდანც პოლიტიკური უფლებების ნაწილში 40-დან 24 ქულა მიენიჭა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილში - 60-დან 37. 

2019 წელს Freedom House-ისვე შეფასებით, საქართველოს ინდექსი 63 იყო, საიდანაც პოლიტიკური უფლებების ნაწილში 25 ქულა ჰქონდა, სამოქალაქო თავისუფლების ნაწილში კი - 38. 2018 წელს ეს რიცხვი 64-ს შეადგენდა. ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველოს იგივე ქულა ჰქონდა მინიჭებული 2017 და 2016 წლებშიც.

კომენტარები