ბრიტანეთი - ერაყი

რააბი ერაყში თავდასხმაზე: დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

დომინიკ რააბი
REUTERS

12 მარტს ბრიტანეთმა მოითხოვა, რომ ერაყელ მაღალჩინოსნებს ემოქმედათ, რათა ერაყში სარაკეტო თავდასხმის განმახორციელებელი პირები პასუხისგებაში მეიცათ.

ერაყში მდებარე, ტაჯის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც ამერიკელი და კოალიციური სახელმწიფოების სამხედროები არიან დისლოცირებულნი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ბრიტანელი და ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ პასუხისმგებელი პირები. მე მივესალმები ერაყის პრეზიდენტის მოწოდებას გამოძიების მყისიერი დაწყების შესახებ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ - თუმცა, ჩვენ ქმედება უნდა დავინახოთ," - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დომინიკ რააბმა.

Reuters-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭირა კიდევ ათამდე სამხედრო პირი, მათ შორის ერთ-ერთი პოლონეთის მოქალაქეა. სარაკეტო შეტევის ფაქტი ერაყში კოალიციური ჯარების სპიკერმა მაიკლ კეგინსმა ტვიტერზე დაადასტურა. 

კეგინსის თქმით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან შეტევა ადგილობრივი დროით 19 საათსა და 35 წუთზე განხორციელდა და ბაზის ტერიტორიაზე სულ 15 რაკეტა დაეცა. არაბული გამოცემა a-Sharq al-Awsat-ის ინფორმაციით, შეტევა პროირანულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. 

ცნობისთვის, იგივე ბაზაზე შეტევა ბოლოს 16 თებერვალს განხორციელდა, მაშინ თავდამსხმელებმა კატიუშას სისტემის რაკეტები გამოიყენეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეტევის უკან პროირანული შიიტური სამხედრო დაჯგუფება ქათაიბ ჰეზბოლა იდგა. 

ტაჯის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ შეტევამდე, გავრცელდა ცნობები კიდევ ერთი სამხედრო ობიექტზე მიტანილი შეტევის შესახებ, რომელშიც ასევე ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, შეტევის შედეგად არცერთი სამხედრო არ დაშავებულა. შემოგარენის დათვალიერების შედეგად ბაზის მახლობლად აღმოჩენილ იქნა დანადგარი და რამდენიმე რეაქტიული რაკეტა. 

რეგიონში ვითარება 3 იანვარს ამერიკული სამხედრო ოპერაციის შედეგად ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო შეტევა 8 იანვარს განახორციელა.

კომენტარები