თურნავა: მზად ვართ ბიზნესს კომპლექსური სტიმულირების გეგმა შევთავაზოთ

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის მხრიდან ბიზნესის დახმარებისა და სტიმულირების გეგმაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, თავიდან გეგმა მხოლოდ ტურიზმის სექტორის სტიმულირებას მოიცავდა, თუმცა გლობალური სურათის ცვლილების შემდეგ, მთავრობის გეგმა არამხოლოდ ტურიზმს, არამედ მთლიანად ბიზნესს შეეხება.

"როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება, დღის ბოლომდე შევიმუშავოთ ბიზნესის სტიმულირების კომპლექსური გეგმა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და დღის განმავლობაში ეს გეგმა კიდევ დაიხვეწევება. მე არ მინდა საღამომდე გავამხილო კონკრეტული დეტალები, თუმცა გეტყვით, რომ ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებაზე მუშაობით, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ გლობალური გამოწვევის წინაშე ჩვენ მზად ვართ უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკას და ბიზნესს, რომელიც არამხოლოდ ტურიზმის მოიცავს, არამედ ზოგადად ბიზნესის სტიმულირებას", — განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, ეს გეგმა რამდენიმე დღეში იქნება მზად და პროცესის დასრულებისთანავე გასაჯაროვდება. ამასთანავე, მინისტრი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სტიმულირების საჭიროება უკვე ნათელია. 

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივად გადავლახავთ, ან შევარბილებთ ამ გამოწვევას, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვა მთლიანად მსოფლიოში და მსოფლიო არის კონსოლიდირებული, მაგრამ ჩვენ საჭიროება გვიჩვენებს, რომ წინმსწრებად უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებაზე და სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული ის გეგმა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას და ბიზნესს", — ამბობს ნათია თურნავა. 

ცნობისთვის, გუშინ - 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები