კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ საფონდო ბირჟების ინდექსები მკვეთრად შემცირდა

ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული საფონდო ინდექსები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 

5%-ით შემცირდა Dow&Jones-ის ინდექსი, 4%-ით S&P 500-ის ინდექსი, ხოლო NASDAQ-ის 3,8%-ით. 4,5%-ით დაეცა მოსკოვის ბირჟის ინდექსი. ინდექსების შემცირება ახალი ამბის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო. 

"ჩვენ ვხედავთ პანიკას აქციების ბაზარზე", — განაცხადა საინვესტიციო ფონდის First American Trust-ის ერთ-ერთმა დირექტორმა, ჯერი ბრააკმანმა. მისი თქმით, ვარდნა და პანიკა აქციების ბაზარზე დიდი ალბათობით მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

კორონავირუსის გამო საფონდო ბირჟების ვარდნა პირველად თებერვლის ბოლო კვირაში მოხდა, თუმცა ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მომდევნო კვირეებში. წინა დღეებში საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის მოპოვების ტემპების ვერ შეთანხმებამ ნავთობის ფასების ისტორიული ვარდნა გამოიწვია. 

ამის პარალელურად მკვეთრად შემცირდა ყველა დიდი და მნიშვნელოვანი ინდექსი. 

კომენტარები