ფრენების შეჩერება

იტალიაში მყოფი საქართველოს 156 მოქალაქე სპეციალური რეისით თბილისში დაბრუნდა

პრაიმტაიმი

იტალიაში მყოფი საქართველოს 156 მოქალაქეები სპეციალური რეისით თბილისში ჩამოიყვანეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, თვითმფრინავში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა შემოსვლისას შემოწმდებიან და გაივლიან ორ კვირიან კარანტინს. გაბუნია ამბობს, რომ კარანტინს აქვს სავალდებულო ხასიათი და ყველა მათგანი გაფრთხილებულია ამის შესახებ. მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული მესამე რეისის შესრულებაც გახდეს საჭირო. 

"ტრანსპორტირების პროცესში ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები," - ამბობს თამარ გაბუნია.

აეროპორტში იმყოფებოდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც იტალიაში სამოგზაუროდ იყო და ნაყიდი ჰქონდათ ბილეთები უკან დასაბრუნებელი, თუმცა ვერ შეძლეს დაბრუნება საქართველოში იმის გამო, რომ იტალიასთან ფრენები შეჩერდა.

"პროცედურა იყო შემდეგი: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ბილეთი ან ჯავშანი, უნდა გაეგზავნა ეს ბილეთი, ჯავშანი და საპასპორტო მონაცემები, ძირითადად პასპორტის ასლი, სპეციალურად შექმნილ მეილზე საკონსულოში. მათ შეაგროვეს ეს ინფორმაცია, გადმოაგზავნეს დედაქალაქში, ჩვენ ეს ინფორმაცია გავიარეთ შესაბამის უწყებებთან ერთად, დავუბრუნდით ამ ხალხს, ყველასთან მოხდა კომუნიკაცია ტელეფონით. ამ კომუნიკაციის დროს, ყველა ამ ადამიანს განემარტა, რა პროცედურას გაივლიან თბილისში ჩამოსვლისას," - ამბობს ხვთისიაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მთავრობის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იტა­ლი­ას­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი 6 მარტს შეჩერდა. პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი ასე­ვე შე­წყვე­ტი­ლია ჩი­ნეთ­თან და ირან­თან.

კომენტარები