შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს - სრულად შეასრულეთ შეთანხმება

europarl.europa.eu

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე განცხადება გაავრცელეს.

მასში ნათქვამია:

"გასულ კვირას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტად აღინიშნა, რადგან ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სისტემას განსაზღვრავს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგი სისტემით ჩატარებას: 120 მანდატი პროპორციული წესით, 30 მანდატი - მაჟორიტარული მანდატის საფუძველზე. ამასთან, ვერც ერთი პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შექმნის უმრავლესობას. ხოლო საარჩევნო ბარიერი 1%-იანი იქნება.

ჩვენ გვსურს, ეს მივულოცოთ ამ, პერიოდულად დამქანცველი დიალოგის ყველა მონაწილეს, ვინაიდან მათ თავიანთი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენეს. ჩვენ ასევე მადლიერები ვართ იმ დიპლომატების, რომლებმაც პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს.

ჩვენ ასევე მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აირიდონ ყველა ქმედება, რომელებიც შესაძლოა განმარტებულ იქნას, როგორც საქართველოს საარჩევნო ან სასამართლო პროცესების მიუღებელი პოლიტიზირება. ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის მნიშვნელობა და მოგიწოდებთ, თავი აარიდოთ ძირითად თანამდებობაზე ისეთ დანიშვნებს, რომლებიც ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, სრულად შეასრულოს შეთანხმება და უზრუნველყონ საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფად მიღება პარლამენტის მიერ, რათა მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ეუთო/ოდრის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდეს, რადგან ეს ნაბიჯები იქნება გადამწყვეტი საქართველოს შემდგომი პოლარიზაციის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის.

ასევე, შეგახსნენებთ, რომ პლურალისტული და დაბალანსებული მედია გადამწყვეტია მშვიდი და წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დევიდ მაკალისტერი, EPP, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი, სოციალ-დემოკრატი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე;
  • სვენ მიკსერი, სოციალ-დემოკრატი, ევროპარლამენტის მთავარი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე;
  • ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი, მწვანეთა პარტია, ევროპარლამენტის საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ჯგუფის წამყვანი წევრი.

ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასეთი პროპორციით უნდა ჩატარდეს: 120 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 30 მანდატი - მაჟორიტარულით. ბარიერი - 1%-იანი იქნება. პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ შექმნის, შესაბამისად, ვერც მთავრობას დააკომპლექტებს. ამასთან, მმართველი გუნდი ვალდებულია, გაათავისუფლოს 20 ივნისიდან ამ დრომდე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები.

კომენტარები