ბესიკ თამლიანის საქმის განხილვა 13 მარტამდე გადაიდო

ტაბულა

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანის პროცესი 13 მარტამდე გადაიდო. ადვოკატის, ლევან იოსელიანის თქმით, მიზეზი ის არის, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებების ბოლომდე გამოკვლევა ვერ მოასწრო.

"მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვართ. პრაქტიკულად გამოკვლეულია ყველა მტკიცებულება, დარჩა რამდენიმე შეკვრა. ვინაიდან ეს ვერ მოესწრო, ვერ გადავედით შემდეგ ეტაპზე, სადაც დავაყენებდით თამლიანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის - პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ", - თქვა იოსელიანმა.

დაცვის მხარე გეგმავს, ბესიკ თამლიანის გათავისუფლება მოითხოვოს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არსებული გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაიხედოს.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თამლიანთან ერთად ბრალი წარდგენილი ჰქონდა კიდევ 3 პირს" კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს. ისინი 6 მარტს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. სასამართლომ სამივე მათგანი დამნაშავედ სცნო. ბესიკ თამლიანმა ბრალის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, ოპოზიციის ინფორმაციით, 8 მარტის შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე.

კომენტარები