დაცვის მხარე ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

ტაბულა

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატ ლევან იოსელიანის თქმით, საქმეში არსებული გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაიხედოს.

"მთავარი გარემოებაა, რომ ბრალდების მოწმეების დაკითხვა პრაქტიკულად დასრულებულია, შესაბამისად, აღარ არსებობს ფორმალური საფუძველიც, რომ [მოწმეებზე ზეწოლის საბაბით] ბესიკ თამლიანის პატიმრობა დარჩეს ძალაში. 

გვექნება შუამდგომლობა და იმედი გვაქვს, სასამართლო გაიზიარებს, სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნება ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დატოვება. 

სავარაუდოდ მოვითხოვთ გირაოს ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. შეიძლება შევთავაზოთ სასამართლოს, რომ გამოიყენოს ელექტრონული სამაჯური" - თქვა ადვოკატმა.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს, გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, ოპოზიციის ინფორმაციით, 8 მარტის შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე. 

კომენტარები