ლურსმანაშვილი შეთანხმებულ საარჩევნო სისტემაზე: მზად ვარ მხარი დავუჭირო

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემას, რომელზეც ხელისუფლებას და ოპოზიცია შეთანხმდა, მხარს დაუჭერს. მისი თქმით შეთანხმებას მიესალმება, რადგან "ცვლილებები უზრუნველყოფს საარჩევნო მშვიდ გარემოს და ქვეყნის სტაბილურ მომავალს". 

დეპუტატი ამბობს, რომ ის მაჟორიტარები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სტაბილურობის გარანტი მაჟორიტარული სისტემაა, ამ ეტაპზე დარწმუნდნენ, რომ ქვეყანას სტაბილურობას სწორედ ეს შეთანხმება მოუტანს. 

"ამ ეტაპზე ჩვენ შევინარჩუნეთ მაჟორიტარული სისტემაც, იმავდროულად, პროპორციულის მოთხოვნაც არის დაკმაყოფილებული თავისი 40 % ჩამკეტით და 1 % ბარიერით, რომელიც პატარა პარტიებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ისინი პარლამენტში მოხვდებიან. გამომდინარე აქედან, პლურალისტური გარემო და განსხვავებული აზრის მქონე პარლამენტი გვექნება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი... სამთავრობო გუნდისგან გაკეთდა ყველაფერი იმისთვის რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწოდებები, რომელიც იყო, გათვალისწინებული ყოფილიყო. მე როგორც პარლამენტის წევრის, მზად ვარ რომ მხარი დავუჭირო აღნიშნულ ცვლილებას "- ამბობს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ზოგი მაჟორიტარი ამ ცვლილებების წინააღმდეგია, თუმცა მათ დასარწმუნებლად "დრო ჯერ კიდევ არის". 

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები