მოლაპარაკებები ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის

კალაძე: დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

instagram.com/kakhakaladze/

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ისინი "2012 წლამდე იყვნენ და დღეს, საბედნიეროდ, პოლიტპატიმრები არ გვყავს". მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

"კომპრომისს რაც შეეხება, დაველოდოთ მოლაპარაკებებს, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ძალიან ბევრ თემაზე მიმდინარეობს საუბარი თუ როგორი სისტემა უნდა იყოს და როგორი სისტემა იქნება, ასე რომ დაველოდოთ შეხვედრას და შემდეგ ყველასთვის იქნება ცხადი"- ამბობს კალაძე. 

თუ როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ორშაბათამდე შეხვდებიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და შეეცდებიან, საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ საარჩევნო სისტემაზე. ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ამ ვითარებაში ოფიციალური მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუმცა კომუნიკაცია შესაძლებელია. 

უმრავლესობის წევრები რამდენიმე დღის წინ ამბობდნენ, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

3 მარტს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოდელი ან 100/50, ან 110/40

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ამბობენ, რომ ეს ვარიანტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის "მეორე ნაწილზე" საუბრობდა და ამბობდა, რომ მათთან შეთანხმების რესურსი არსებობს.

კომენტარები