კორონავირუსის ზიანის შესარბილებლად ევროპული საქართველო გადასახადების შემცირებას ითხოვს

ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო

საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესარბილებლად ევროპული საქართველო მოითხოვს, შემცირდეს საშემოსავლო, მოგებისა და აქციზის გადასახადები.

"ახლა ეს გამოწვევა, ამ ვირუსის, არის მყისიერი საფრთხე. ახლა თუ არ გადაიდგა სწრაფი ნაბიჯები, ზიანი იქნება კიდევ უფრო გრძელვადიანი, ვიდრე აქამდე მოიტანა ივანიშვილის გუნდმა." - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

პარტიას სურს, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ამჟამად 20%-ს შეადგენს, 17%-მდე შემცირდეს:

"2020 წლის აპრილიდან შესაძლებელია, საშემოსავლო გადასახადის 20%-იდან 17%-მდე შემცირება, რაც, საბოლოო ჯამში, 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, "ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქონების გადასახადი, რომლის გადახდა მეწარმეებს უწევთ პირველი მაისისთვის, შემცირდეს და 195 მილიონი ლარი დარჩეს მეწარმეებთან."

როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, "ძალიან ბევრმა მეწარმემ უკვე გამოუცხადა თავის თანამშრომლებს, განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესში, რომ ისინი ან უხელფასოდ უნდა დარჩენენ ბიზნესში ან წავიდნენ სამსახურიდან. გადასახადების შემცირება პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ მეწარმეებს არ მოუწიოთ დასაქმებულების სამსახურიდან გაშვება."

გარდა ამისა, პარტიაში მიაჩნიათ, რომ აპრილიდან საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება "საწვავის ფასზე 8-10 თეთრით აისახება მოქალაქეებისათვის".

"რაკი საწვავის ფასების ზრდა გადაეცემა სხვა ფასებს, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისათვის." - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჯამში, ევროპული საქართველო იმედოვნებს, რომ მათი გათვლებით, შესაძლებელია 2020 წელს მოქალაქეებს დამატებით 609 მილიონი ლარი დარჩეთ, ხოლო 2021 წელს 505 მილიონი.

 

 

კომენტარები