იდლიბის პროვინცია

აშშ: თურქეთის მიერ რუსული S-400 სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ჯეიმს ჯეფრი

სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს, სტამბოლში ვიზიტისას, განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 

ამავდროულად, ვაშინგტონი სირიაში, იდლიბის პროვინციაში დახმარების გაგზავნას განიხილავს. 

სტამბოლში საუბრისას ჯეფრიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ჰუმანიტარული დახმარება და ინფორმაციის გაზიარება უკვე შესთავაზა. ასევე ის ევროპელ მოკავშირეებს მნიშვნელოვანი წვლილის გაღებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს თურქეთმა რუსული S-400-ები იყიდა, ანკარამ აშშ-ს პატრიოტის საჰაერო თავდაცვითი სისტემები სთხოვა. 

თურქეთში აშშ-ის ელჩმა დევიდ სატერფილდმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ თხოვნას S-400-ების შესყიდვის კონტექსტში განიხილავდა. 

3 მარტს ჯეფრიმ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში ასადის რეჟიმისა და რუსეთის პირისპირ, თურქეთისთვის საბრძოლო აღჭურვილობა და ჰუმანიტარული დახმარება გაიღოს.

"თურქეთი NATO-ს წევრია. ჩვენ ძალიან, ძალიან დიდი საგარეო სამხედრო გაყიდვების პროგრამა გვაქვს, თურქეთის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი ამერიკულ აღჭურვილობას იყენებს. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ აღჭურვილობა მზადაა. როგორც NATO-ს მოკავშირე, ჩვენ სადაზვერვო ინფორმაციას გავუზიარებთ... და დავრწმუნდებით, რომ მათ იქ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ," - განაცხადა ჯეფრიმ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ასადის რეჟიმის, რუსეთის, ირანის თავდასხმებისგან გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 108 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. ჯამში აშშ-მა სირიის კრიზისის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით 10.6 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

შეგახსენებთ, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათან კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება აშშ-ის 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით) არღვევს, რითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ჩრდილოეთ სირიაში, ილიბის პროვინციაზე თავდასხმას რუსეთისა და ირანის მხარდაჭრით აგრძელებს. ასადის ძალების თავდასხმების გამო საცხოვრებლის მიტოვება მილიონამდე ადამიანს მოუხდა. თურქეთმა, რომელმაც გასულ წელს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონის შესაქმნელად და მიგრანტების დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნები არასაკმარის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მიგრანტებს საზღვრები გაუხსნა ევროპის ქვეყნებში გადასასვლელად. შედეგად, საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლას ცდილობს, რასაც სასაზღვრო დაცვასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ ევროპის მიგრანტთან კრისისის გადასაჭერელად რუსეთი არ აპირებს სირიაში "ტერორიზმთან ბრძოლა" შეწყვიტოს.

იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭრილ სირიის სამთავრობო ძალებს და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. საკითხის განსახილველად ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრას დღეს, 5 მარტს გამართავენ.

კომენტარები