იდლიბის პროვინცია

იდლიბში საჰაერო თავდასხმას 22 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რამდენიმე სამხედრო დაშავდა

AJ

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის სამხედრო ძალების საჰაერო თავდასხმას 22 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაჭრილია რამდენიმე სამხედრო. ამის შესახებ თურქეთის ჰათაის პროვინციის მაღალჩინოსანმა რაჰმი დოგანმა 28 თებერვალს განაცხადა. თავდაპირველად, 27 თებერვალს, საღამოს მან თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა

მისივე თქმით, დაჭრილი ჯარისკაცები თურქეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ორ წყაროზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ თავდასხმის გამო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის საგანგებო შეხვედრა გამართა. სიახლეების სააგენტო წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ თავდასხმა სირიის მთავრობამ ან მისმა მოკავშირე რუსეთმა განახორციელა. 

Reuters თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, წერს, რომ მისი თქმით, თურქეთი ევროპაში მიგრანტების გადინებას აღარ შეაჩერებდა.  

27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მხარდასაჭერად და საარტილერიო დახმარების უზრუნველსაყოფად თავდასხმითი დრონების არალეგალურად გაგზავნაში დაადანაშაულა

სამინისტრომ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთის ძალების მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი დაიბრუნეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს. ნაირაბის შემდეგ სარაკიბი მეორე ქალაქია, რომლის დაბრუნებაც მათ შეძლეს.

20 თებერვალს დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ იდლიბში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ყველაზე ცუდი სცენარი იქნება.

მანამდე კი ერდოღანმა თქვა, რომ სირიის იდლიბის პროვინციის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა თურქეთის მოლოდინებს და მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და იქ სამხედრო ოპერაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

მმართველი პარტიის კანონმდებლებთან საუბრისას მან თქვა, რომ თურქეთი აპირებს ნებისმიერ ფასად აქციოს იდლიბი უსაფრთხო ზონად. 

ერდოღანმა 5 თებერვალს ასადის ძალებს მოუწოდა თურქეთის სადამკვირვებლო პოსტების უკან დაეხიათ და ამისათვის ვადა თებერვლის ბოლომდე მისცა. თურქეთს იდლიბის გარშემო დეესკალაციის ზონაში 12 სადამკვირვებლო პოსტი აქვს, რომლებიც რუსეთთან და ირანთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის თავდასხმა იდლიბის პროვინციაზე, რომელიც სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორიაა, კვლავ გრძელდება.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. ამის მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

იანვრის ბოლოს სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს ჯეფრიმ თქვა, რომ იდლიბზე თავდასხმების გამო ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში 700 000 პირი იძულებით გადასახლებულია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა 18 თებერვალს თქვა, რომ მიმდინარე წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმების გამო.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.

კომენტარები