იდლიბის პროვინცია

სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის დახმარებით ქალაქი სარაკიბი დაიბრუნეს

Getty Images

სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი აიღეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს.

სარაკიბი ამბოხებულებმა ასადის რეჟიმის თავდასხმისას, 3 კვირის წინ დაკარგეს. ნაირაბის შემდეგ ეს მეორე ქალაქია, რომლის დაბრუნებაც მათ შეძლეს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით, ასადის რეჟიმის ძალებმა, რომლებსაც მხარს რუსეთი და ირანი უჭერენ, მიმდინარე კვირას იდლიბის პროვინციის სამხრეთით 60 ქალაქი და სოფელი აიღეს.

გუშინ, 26 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ასადის რეჟიმის ძალებს იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო სადამკვირვებლო პოსტებიდან თებერვლის ბოლომდე გააძევებენ.

ერდოღანმა ჯერ კიდევ 5 თებერვალს ასადის ძალებს მოუწოდა თურქეთის სადამკვირვებლო პოსტების უკან დაეხიათ და ამისათვის ვადა თებერვლის ბოლომდე მისცა. თურქეთს იდლიბის გარშემო დეესკალაციის ზონაში 12 სადამკვირვებლო პოსტი აქვს, რომლებიც რუსეთთან და ირანთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ასადის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბის პროვინციის ტერიტორიების აღების შემდეგ რამდენიმე პოსტი ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ, რომლებსაც სულ მცირე 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი და 3 მასწავლებელი. მძიმედ დაშავდა კიდევ 80 მშვიდობიანი მოქალაქე, მათი უმეტესობა ბავშვები და ქალები. თავდასხმის სამიზნეს 10 სკოლა და იდლიბის ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენდა.

რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის თავდასხმა იდლიბის პროვინციაზე, რომელიც სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორიაა, კვლავ გრძელდება. 24 თებერვალს სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში მათ იდლიბის პროვინციის სამხრეთით მდებარე კიდევ 10 ქალაქი აიღეს.

პარალელურად სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქი ნაირაბი აიღეს. ეს პირველი ტერიტორიაა, რომელიც ამბოხებულებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმის ძალებმა იდლიბის პროვინციაზე აქტიური თავდასხმა დაიწყეს. მათ შემდეგ სამიზნეს ქალაქი სარაკები წარმოადგენს, რომელზეც გადის დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელი გზა.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა 18 თებერვალს თქვა, რომ მიმდინარე წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმების გამო.

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იდლიბის პროვინციაში ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 8 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 10 თებერვალს, ტაფტანაზში თურქეთის ბაზაზე თავდასხმის შედეგად კიდევ 5 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

შემთხვევის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკების მკვლელობა სირიის რეჟიმს ძალიან ძვირი დაუჯდება. ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაშავდებოდა ასადის რეჟიმის ძალებზე როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო შეტევას განახორციელებდნენ.

დაპირისპირების ახალი ტალღის გამო საცხოვრებლის დატოვება მილიონამდე ადამიანს მოუწია.

კომენტარები