ევროსაბჭოს მინისტერიალი

ბოკერია მინისტერიალის გადატანაზე: პრობლემაა, რომ "ესკალაციის" შიშით გადაწყვიტეს ასე

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ცუდია, რომ ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წნეხი არსებობდა, რისიც ხელისუფლებას შეეშინდა. 

ბოკერიას განმარტებით, "ნორმალურ ხელისუფლებას" რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის ქვეყანაში ჩამოსვლა ამ წნეხისა და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, "ესკალაციის" საფრთხის გამო კი არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა დაეშვა. 

"ეს შედეგი უნდა დამდგარიყო და თუ საჭირო იქნებოდა, სხვაგან ჩატარებულიყო, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ამ ხელისუფლების მოტივი და ამ გადაწყვეტილების ანატომია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რა პრობლემა გვაქვს,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის უაღრესად საზიანო იქნებოდა რუსეთის ნებისმიერი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა, მიუხედავად იმისა, ექნებოდა, თუ არა მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული. 

"იმიტომ, რომ გზავნილი გამოვიდოდა, რომ ვითომც არაფერი არ ხდება. ჩამოვიდოდა ჩვეულებრივად ოკუპანტი, ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი. ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იძახის, რომ სტრასბურგში გადაიტანეს მინისტერიალი იმიტომ, რომ ესკალაციის შეეშინდათ და არა ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედეს, ეს არის მტკიცებულება, რომ საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის შიშით მიიღეს ეს გადაწყვეტილება,"- ამბობს ბოკერია. 

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება, დავით ზალკალიანმა დღეს გამოაცხადა. ამავე ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ "არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია". ტაბულას დამაზუსტებელ კითხვაზე, ზალკალიანმა თქვა, რომ ის საუბრობდა როგორც შიდა ძალებზე, ისე - გარე. 

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

კომენტარები