თბილისის მერია

კალაძე სამშენებლო კომპანიებს: ხალხის გამოგზავნა, თხოვნები - "არ დაგვაჯარიმოთ" - არ გამოვა

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, გლდანში ბოჭორიშვილის და ხარაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურას ხელმეორედ მოაწესრიგებენ. კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამას თავისი ხარჯებით გააკეთებს, რადგან პირველ ჯერზე, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. მან გლდანის გამგებელს დაავალა, კომპანიას "ჯარიმა იქნება თუ სხვა შესაბამისი სანქციები" დააკისროს.

"როდესაც მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და შევიდა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ლაბორატორია შემოწმებაზე პროექტის ჩასაბარებლად, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება, ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, თვალს ვერ დავხუჭავთ არასწორ შესრულებულ სამუშაოებზე, შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტირა. ელემენტარულად, სინჯების აღება ვერ მოახერხა ლაბორატორიამ, ისეთი ცუდი მოასფალტებული იყო ეს ქუჩები" - თქვა კალაძემ და სამშენებლო კომპანიებს მოუწოდა, "კეთილი ინებონ" და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულონ. 

"ჩვენ სხვას არაფერს არ გთხოვთ, ჩვენ გვინდა, ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული სამუშაოები და დროულად მორჩეს... და ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ "არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ რაღაც დაგვეხმაროთ" ეს არ გამოვა, მეგობრებნო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს, ხალხს, შესაბამისად, კეთილი ინებეთ ყველამ და შეასრულეთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და ასეთ უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. შესაბამისად, კომპანიას მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება თავისივე ხარჯებით... მე მჯერა, რომ ძალიან მალე ეს ორივე ქუჩა იქნება მოწესრიგებული და სალაპარაკო არ გახდება ეს თემა " - თქვა კალაძემ და გლდანის გამგებელს დაავალა, კომპანიამ რაც შეიძლება, დროულად შეასრულოს სამუშაოები.

"სხვა, რაც არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი, ჯარიმა იქნება თუ სხვა სანქცია, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ასეთმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ მონაწილეობა. თუ არ გაქვს შესაძლებლობა და თავი იმის, რომ შეასრულო სამუშაოები, დაანებე თავი და ნუ მიიღებ მონაწილეობას ტენდერში" - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები