"ეს ბრძოლა გრძელდება" - ევრ. საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო

ევროპული საქართველო კოჯორში

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ლიდერებმა კოჯორში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს. 

პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ იმ მსხვერპლმა, რაც იუნკერებმა და ყველა იმ ადამიანმა გაიღო, ვინც ქართველი ხალხის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ევროპულ არჩევანს, თავისუფლებასა და ღირსეულ ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი, დღეს საქართველოს მისცა შანსი, ბოროტების იმპერიის დანგრევის შემდეგ შექმნას თავისუფალი საზოგადოება. 

"მათი ხსოვნა და პატივის მიგება დღეს არის ამ ამოცანის, ამ ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება, რომ სრულფასოვანი წევრები გავხდეთ თავისუფალი სამყაროსი და აღარასდროს აღარ მივცეთ არცერთ ტირანიას შანსი, რომ წაგვართვან ჩვენი თავისუფლება,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგი კაპანაძის, თქმით, საქართველოს ისტორიაში ეს დღე ტრაგიკულია და უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო. 

"ეს ბრძოლები არ იყო მხოლოდ აქ, არ იყო მარტო ტაბახმელაში, კოჯორში. ეს ბრძოლა იყო მთელ საქართველოში. სამწუხაროა ის, რომ დღესაც გრძელდება ეს ბრძოლა. დღესაც არის ოკუპანტი სახელმწიფო, ზუსტად ისეთივე იმპერიული მისწრაფებებით, სხვა ფორმით, მაგრამ ზუსტად იგივე შინაარსით, ამიტომ, ჩვენი ყველას ვალია, რომ ეს გვახსოვდეს,"- ამბობს სერგი კაპანაძე. 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და დედაქალაქი აიღო. უთანასწორო 5-კვირიანი ბრძოლა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 17 მარტამდე გრძელდებოდა. 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა, მოხდა მისი ოკუპაცია და ანექსია. 

კომენტარები