მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა აჭარის ტელევიზიის წინ აქცია მოაწყვეს.
მათ ადგილზე სიმბოლურად გაზეთი "კომუნისტი" და საბჭოთა კავშირის დროინდელი მედლები მიიტანეს, რადგან მათი თქმით მაუწყებლის დირექტორი და ბორდის წევრები კომუნიზმში იმყოფებიან და მხოლოდ ერთ პარტიას ქართულ ოცნებას ემსახურებიან.
დაცვის სამსახურის თანამშრომელმა აქტივისტებს ტელევიზიის შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
"სრული უფლება გვაქვს ტელევიზიაში შესვლის, თუმცა დაცვა არ გვიშვებს. ჩვენ გვინდოდა გაზეთი "კომუნისტი" და მედლები მიგვეცა პოლიტსაბჭოს წევრებისთვის და დირექტორისთვის, რადგან ისინი არიან ოცნების ერთგულები და ასრულებენ მხოლოდ ერთი პარტიის დავალებას, მაშინ როცა ისინი ხალხის დავალებებს უნდა ემსახურებოდნენ," - ამბობენ აქტივისტები.
19 თებერვალს, პროტესტის მიუხედავად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ერთეულების შემცირებას მხარი დაუჭირა.
ინიციატივა, რომელიც ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ეკუთვნის, რამდენიმე თანამდებობის გაუქმებას გულისხმობს.
ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. შესაბამისად, მათ ტელევიზიის დატოვება მოუწევთ.
კოხრეიძის ინიციატივას მხარი დაუჭირეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ. გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი კი წინააღმდეგები იყვნენ. გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები უკვე რამდენიმე თვეა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მმართველი გუნდის და ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.
საბჭოს სხდომის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიის შენობასთან მაუწყებლის წინააღმდეგ აქცია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გამართეს და თქვეს, რომ მაუწყებელი ქართული ოცნების გაკეთებულ საქმეებს არ აშუქებს, რაც არასწორია.