დასუფთავების მოსაკრებელი

იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი შესაძლოა გაიზარდოს

იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა ამაზე მუშაობა დაიწყონ.

კალაძის თქმით, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია.

„მოსაკრებლის ოდენობები დადგენილია 2006 წელს. 20 მილიონი გამოდის მინუსი. ამიტომ, დავიწყოთ შესწავლა და შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა ის ხარისხი შევინარჩუნოთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში მცხოვრები ადამიანისთვის დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარია. ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო 57 000 ქულას შეადგენს ან 57 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარია.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს და სხვადასხვა დაწესებულებას, ამ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორ იანგარიშება დასუფთავების მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის შეგიძლიათ ნახოთ აქ.  

კომენტარები