აჭარის ტელევიზია

"ოცნების" გაკეთებული საქმეები არ შუქდება - აქცია აჭარის ტელევიზიასთან

აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქ შეკრებილი ადამიანები მაუწყებლის მუშაობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიერ გაკეთებული საქმეები არ შუქდება.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ გუშინ საინფორმაციო სამსახურში დარეკეს, სურდათ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობა გადაეხადათ, რადგან სოციალური სახლის ფუნდამენტი ჩაისხა. ჟურნალისტები კი ამ ინტერვიუს ჩასაწერად ადგილზე არ მივიდნენ.

ასევე, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ, ამბობენ, რომ ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს, არ უნდა იყოს მიკერძოებული და მხოლოდ პრობლემებს არ უნდა აშუქებდეს.

დღეს, 19 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივებს, რომლებიც საშტატო განრიგის ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის დირექტორის მოადგილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობების გაუქმებას.

ტელევიზიის თანამშრომლები საბჭოს მოუწოდებენ, კოხრეიძის ამ წინადადებებს არ დაეთანხმონ. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს, ქართული ოცნების და გიორგი კოხრეიძის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე, ცენზურასა და დევნაზე საუბრობენ.

მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ხმაურია - ტელევიზიის თანამშრომლები დღის წესრიგთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის უფლებას ითხოვენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

__________________________________________________________________________________________

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მათი სარედაქციო პოლიტიკისა და დამოუკიდებლობის შეცვლა სურს.

კოხრეიძე, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერშივე ეკამათა გადაცემის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს და მის მიმართ ხმასაც აუწია, ტელევიზიაში საშტატო განრიგის შეცვლას გეგმავს.

უქმდება დირექტორის მოადგილის შტატი.

მანამდე კი მაუწყებლის დირექტორმა მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა.

ასევე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებს და რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.

ასევე, მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის ინფორმაციით, დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტის მიმართ. საქმე 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა, თამილა დოლიძემ მიმართა.

შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს და გადაცემის შინაარსს.

ასევე, ცდილობენ, მალხაზ რეხვიაშვილი ჩამოაშორონ გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანობას, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსიც არის.

ბაკურიძის შეფასებით, არხის ხელმზღვანელობა დევნის ადამიანებს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

"დასკვნები თქვენთვის მომინდია, მაგრამ აბა ვინმე შემომედავოს, რომ ეს არაა დევნა, ცენზურა ან რედაქციაში უხეში ჩარევა. პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს", - დაწერა ბაკურიძემ ფეისბუქზე.

კომენტარები