თურქეთი

თურქეთის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გამართლებული ბიზნესმენის დაკავების ბრძანება გასცა

ოსმან კავალა

თურქეთის პროკურატურამ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით ბიზნესმენ ოსმან კავალას დაკავების ბრძანება გამოსცა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის 2013 წელს გეზის პარკის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის საქმეში გაამართლა.

კავალას გათავისუფლებას საპატიმროსთან მისი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და ოპოზიციონერი კანონმდებლები ელოდებოდნენ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მას ახალ საქმეზე წაუყენეს ბრალი და დაკავების ბრძანება გამოიცა.

მანამდე სასამართლოს მიერ კავალას გამართლება მისი მხარდამჭერებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის ციხეში ორი წელია იმყოფება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკემბერში თურქეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ კავალა პატიმრობიდან, რადგან მის წინააღმდეგ საქმეში რაიმე დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი სამხილები არ არსებობდა.

2013 წელს სტამბოლის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისინი გეზის პარკში მშენებლობას აპროტესტებდნენ. დაპირისპირებისას დაიღუპა 8 ახალგაზრდა მომიტინგე და ერთი პოლიციელი. დაშავდა 5,000-მდე ადამიანი. კავალასთან ერთად საპროტესტო აქციასთან კავშირის ბრალდებით ასამართლებდნენ კიდევ 8 ადამიანს. კავალას და კიდევ 2 ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდათ, ხოლო 6 პირს ბრალად ედებოდა მათი დახმარება საპროტესტო აქციის მოწყობაში, რომლის მიზანსაც ბრალდების მტკიცებით მთავრობის დამხობა წარმოადგენდა. ბრალდებულთაგან მხოლოდ კავალა იყო დაპატიმრებული. სხვა ბრალდებულები საზღვარგარეთ იმყოფებიან.

2015 წელს თურქეთის სასამართლომ გეზის პარკის პროტესტის საქმეზე დაკავებულები გაამართლა და დაადგინა, რომ ეს შეკრების თავისუფლების ფარგლებში იყო, თუმცა კავალა 2017 წელს დააკავეს და მას შემდეგ თურქეთის პოლიციამ ამ საქმესთან კავშირში დააკავა კიდევ 15 პირი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები, მწერლები და მსახიობები.

რაც შეეხება 2016 წლის გადატრიალების მცდელობის საქმეს, დღეს თურქეთის პროკურატურამ ფეთულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 700-მდე ადამიანის დაკავების ბრძანება გამოსცა. მათ შორის არიან სამხედროები და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

თურქეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით დაკავებები თურქეთის შეიარაღებულ ძალებში წარმოებულ გამოძიებას მოჰყვა.

თურქეთის მთავრობა გიულენს 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. თავად გიულენი ამ ბრალდებას უარყოფს.

2016 წლის შემდეგ თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 80,000-მდე ადამიანი დააკავეს. კიდევ 150,000 საჯარო მოხელეს და სამხედროს უფლებამოსილება შეუჩერდა ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები