გიგა ბოკერია

ბოკერია: დროებით კოალიციური მთავრობა იმუშავებს, შემდეგ რიგგარეშე პროპორციული ჩატარდება

ტაბულა

ოპოზიცია გეგმავს, შეჯერდეს საკითხებზე, რომლებზეც კოალიციური მთავრობის პირობებში ერთობლივად, კოორდინირებულად იმუშავებს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიებს კონსენსუსი აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ რიგგარეშე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, რომელიც სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას მოიცავს.

"საქართველო ივანიშვილის გარეშე - ანუ ამ პოლიტიკური ჭირის მოშორება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ქვეყნის მდგომარეობიდან ამოსასველად.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამომრჩევლებს ექნებათ საშუალება, მისცენ ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ მოსწონთ ან ყველაზე ნაკლებად არ მოსწონთ.

ოპოზიცურ პარტიებში არის ინიციატივა, რომ ის მინიმალური ამოცანები, რაზეც შეჯერება მოხერხდება, სწრაფად განვახორციელოთ. მაგალითად, მართლმსაჯულება. ეს მოიცავს სასამართლოს, პროკურატურის და პოლიციის რეფორმას.

მინიმალური ამოცანების განხორციელებისთანავე, ჩატარდება არჩევნები პროპორციული წესით.

ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ მინიმალურ, ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ არის თანხმობა წინასწარ, ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებში, მაშინ ჩვენ ამას ამომრჩეველს ვეუბნებით წინასწარ და ის კოალიცია, რომელიც ძალიან ჭრელი იქნება, ამ ამოცანებს შეასრულებს. როცა ივანიშვილი დამარცხდება, მოვა ახალი პროპორციული მთავრობა", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, კოალიციური მთავრობა დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე ვადით იმუშავებს, შემდეგ კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პარტიები კონკურენციის რეჟიმში დაბრუნდებიან.

"მართლმსაჯულება არის ძალიან სერიოზული საკითხი, ფუნდამენტი იქვე უნდა დაიდოს. თუ ვადებზე მეუბნებით, 6 თვიდან 1 წლამდე. სწრაფი არის 6 თვე, მერე ერთმანეთს ვეჯიბრებით, იმიტომ რომ განსხვავება ძალიან დიდია, ოღონდ ეგ არის ნორმალური განსხვავება.

ნორმალური არჩევნები გვჭირდება, სადაც არ გექნება განცდა, რომ რაღაც ჭირი უნდა მოიშორო და ამ ტიპის ეგზისტენციალური საფრთხე, როგორიც ივანიშვილია, და მერე ჩატარდება ნორმალური არჩევნები, სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის კონკურენტები ვიქნებით",- ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი.

მთელი ოპოზიციური სპექტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო და 2019 წლის 14 ნოემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. გიგი უგულავასთვის დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობის მისჯის შემდეგ კი ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებიც შეწყვიტა.

კომენტარები