კრიტიკული წერილები გახარიას

ლურსმანაშვილი წერილებზე: სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ჩარევა არაა მიზანშეწონილი

"სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსიური ჩარევა არაა მიზანშეწონილი" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ლუსმანაშვილი კიდევ ერთ კრიტიკულ წერილს, რომელიც პრემიერმინისტრმა გახარიამ რენდი ვებერისგან მიიღო.

ლურსმანაშვილსი თქმით, ზოგიერთი კონგრესმენის კრიტიკა მისთვისაც შემაშფოთებელია, თუმცა, მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკა უსაფუძვლოა, როდესაც ის "ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასა თუ ეკონომიკურ სვლას" ეხება.

"მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს, კონსტიტუციით მონიჭებული, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით მივიღო გადაწყვეტილებები",-ამბობს ლურსმანაშვილი. 

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი კიდევ ერთმა კონგრესმენმა, რენდი ვებერმა გამოუგზავნა.  

რენდი ვებერი წერილში წერს, რომ ის უერთდება თავის კოლეგებს კონგრესში და თავადაც შეშფოთებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეუსრულებლობით, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებითა და ოპონენტების პოლიტიკური დევნით. 

წერილში ტექსასელი კონგრესმენი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა აქვს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკის განვითარებაში და მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი (Georgia Support Act) სხვა ღირებულებების მხარდაჭერის გამო მიიღო.

კომენტარები