სენატორებისა და კონგრესმენების წერილები

"ვუერთდები კოლეგების შეშფოთებას" - გახარიას წერილი კიდევ ერთმა კონგრესმენმა მიწერა

რენდი ვებერი

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოუგზავნეს - ამჯერად ავტორი ტექსასელი კონგრესმენი რენდი ვებერია.

რენდი ვებერი წერილში წერს, რომ ის უერთდება თავის კოლეგებს კონგრესში და თავადაც შეშფოთებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეუსრულებლობით, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებითა და ოპონენტების პოლიტიკური დევნით.

წერილში ტექსასელი კონგრესმენი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა აქვს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკის განვითარებაში და მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი (Georgia Support Act) სხვა ღირებულებების მხარდაჭერის გამო მიიღო.

ვებერის წერილის ასლები ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინსაც გაეგზავნათ.

წაიკითხეთ რენდი ვებერის გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი წერილი წერილი სრულად:

"დღეს გწერთ, რათა ჩემი ხმა შევმატო აშშ-ის კონგრესში ორპარტიულ მზარდ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური განვითარებისგან უკუსვლის გამო. 

ამერიკასთან საქათველოს სტრატეგიული პარტნირობისა და ამერიკის მხრიდან ყოველწლიურად გაცემული დახმარების გამო საქართველოში, თავს იძულებულად ვგრძნობ, შევუერთდე ჩემს კოლეგებს კონგრესში, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მოგწერეს. მე ვუერთდები მათ მიერ გამოხატულ შეშფოთებას იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უარი გეთქვათ დაპირებულ საარჩევნო რეფორმებზე, ასევე მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით და პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკის კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელ შევიწროებასთან დაკავშირებით.

გასულ წელს მე აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისას ჩემს კოლეგებს შევუერთდი. ეს აქტი უპირველეს ყოვლისა ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა იყო თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რუსეთისგან მომავალი ღია გამოწვევების საპასუხოდ. 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი არ გულისხმობდა ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ, რათა გავლენა მოეხდინა შიდა მმართველობაზე ისე, რომ ეს ყოფილიყო საწინააღმდეგო ამ ჩანაწერისა - "დემოკრატიული ღირებულებების განვითარება საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით, საჯარო უწყებების გამჭვირვალობით და პასუხისმგებლობით, კანონის უზენაესობით და ანტიკორუფციული მუშაობით".

საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში 2017 წლის შემდეგ 50%-ზე მეტით შემცირდა. დამატებით, 2019 წელს Transparency International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური კორუფციის ინდექსი, რომელიც აჩვენებს, რომ 2015 წლის შემდეგ საქართველოს რეინტინგი აგრძელებს უკუსვლას ან განიცდის სტაგნაციას. ანგარიშის მიხედვით, "საკვანძო ინსტიტუტებზე არასათანადო გავლენები საქართველოს პოლიტიკური განვითარების ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება". ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ "სახელმწიფოს მიტაცება" და "ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში" მიმდინარე გამოწვევებია. და ბოლოს, ანგარიშში ასევე წერია, რომ "უკანასკნელი წლების განმავლობაში პროგრესის ნაკლებობა საქართველოში ქვეყანაში ანტი-კორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს".

შედეგად მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის კლება გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული და ევროპული ბიზნეს-ინტერესები საქართველოში ძალიან პრობლემატურ გარემოში არიან, განიცდიან შევიწროვებას, კონტრაქტების შეწყვეტასა და ექსპროპრიაციის თავდასხმებს. ჩემი მშობლიური ტექსასიდან ამის თვალსაჩინო მაგალითი ნავთობისა და გაზის კომპანიის, ფრონტერა რესურსის, გამოცდილებაა. საქართველოში გარემოს გაუარესების კიდევ ერთი მაგალითი ამერიკული სოციალური მედიის კომპანიას, Facebook-ს უკავშირდება, რომელმაც ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს და გააუქმეს მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ "კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში", რათა ჩაეხშოთ ოპოზიციური ხედვა საქართველოში და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ სენტიმენტებს, განსაკუთრებით კი აშშ-ის წინააღმდეგ. 

ამ შემაშფოთებელი ტენდენციების გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში 2019 და 2020 წლებისთვის თანხის გამოყოფის ორ საკანონმდებლო აქტს, რაც სპეციფიკურად მიემართებოდა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-ინტერესების გათვალისწინების უკუსვლასთან დაკავშირებით. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ს მთავრობიდან თანხის გამოყოფის შესახებ კანონმდებლობის განხილვისას თქვენს ქვეყანას სიფრთხილითა და უარყოფით შუქზე უყურებენ.

განხილული ნეგატიური მოვლენებისა და ყოველწლიური მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა მოწოდებები სანქციებისა და სხვა შესაძლო სადამსჯელო მოქმედებების შესახებ. მე შევუერთდი იმ მზარდი კონგრესმენების რიცხვს, რომლებმაც საქართველოში პატიოსანი ბიზნესის პრაქტიკის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს. 

საქართველო რჩება აშშ-ს მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად. ვიმედოვნებ, რომ მეგობრებს შორის გულწრფელი კომუნიკაცია მომავალ წლებში უფრო მყარი და ძლიერი ურთიერთობის წინაპირობა იქნება. ამავე კონტექსტში, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა იპოვის გზებს, რათა შეწყვიტოს ამერიკული კომპანიების საწინააღმდეგო ქმედებები და გააძლიეროს აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების ზრდა და ასევე საბოლოოდ იპოვის გზას, რათა უპასუხოს იმ შემაშფოთებელ ნიშნებს, რომლებიც ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს".

---

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ პირველი წერილი გიორგი გახარიამ კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისგან, მიიღო. წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო.

წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

ტეხასელმა კონგრესმენმა პიტერ ოლსონს მართალია გახარიასთვის წერილი არ მიუწერია, თუმცა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს“.

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და მას ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

კომენტარები