მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვხსნი ჩემს პირად შტაბს, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე

მიხეილ სააკაშვილი 1-ელი მარტიდან "მისი პირადი შტაბის" გახსნას გეგმავს, რომელიც "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე იარსებებს და როგორც თავად ამბობს, "ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს".

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ გეგმებზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

"პირველი მარტიდან, 'სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის' ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა," - ამბობს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის მომხრეა "ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის":

"მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა,რომ არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას," - ამბობს ის.

მიმართვაში ექსპრეზიდენტი "უფრო ფართო კონსულტაციებისკენ" მოუწოდებს. "ყველას გელოდებით ჩემთან," - ამბობს ის.

სააკაშვილის თქმითვე, "ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მას" და ის ყველა რესურსს, კონტაქტებსა და გამოცდილებას "ამ უბედურების სწრაფად გადალახვას" მოახმარს.

 

კომენტარები