ავთანდილ წერეთელი

ექიმი: როგორც ჩანს, ავთანდილ წერეთლის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან დიდი სტრესის შედეგია

ტვ. პირველი

კლინიკა ჰელსიკორის დირექტორი, რუსუდან ლაგვილავა ამბობს, რომ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, თუმცა ახლა სტაბილურია. ექიმის თქმით, ავთანდილ წერეთელს გამოკვლევები უტარდება, რათა ჯანმრთელობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს. 

მისივე თქმით, დილისთვის გახდება ცნობილი, თუ როდის შეძლებს წერეთელი კლინიკის დატოვებას. 

"კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა, ჩატარდა პირველადი ანალიზები, კორონაროგრაფია, იყო გარკვეული ცვლილებები გულზე მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენტირებისგან. მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე, რჩება კლინიკაში. როგორც ჩანს ეს არის ძალიან დიდი სტრესის შედეგი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას"- ამბობს ექიმი. 

ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის მამა, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში დღეს, 6 თებერვალს გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მან მამამისი უგონო მდგომარეობაში, სააბაზანოში იპოვა. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სასამართლო პროცესებს უკავშირდება. ვატო წერეთელი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის გაუარესებას ხელისუფლებას აკისრებს. მისივე თქმით, "ხელისუფლებას მხოლოდ ის მოტივი აქვს, რომ თავისუფალი მედია გააჩეროს".

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება"

კომენტარები