ქართული ოცნება

არველაძე ბავშვების შიმშილზე: რაც ვთქვი იგივე პოზიციაზე ვარ, ტყუილი არაფერი მითქვამს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, რევაზ არველაძის თქმით, მის გუშინდელ ნათქვამს, რომ "[ჩვენს ქვეყანაში] ბავშვები საერთოდ არ შიმშილობენ" დღესაც იზიარებს და ამბობს, რომ მისი განცხადება სიმართლეა და ტყუილი ამაში არაფერია.

"ამისთვის არის გამოყოფილი ფონდები, 70 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომ უშუალოდ გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს მოხმარდეს. იქნება ეს კვების ბილეთები, ვაუჩერები თუ სხვა, აქედან გამომდინარე, ლაპარაკი, იმაზე, რომ თითქოს 80 ათასი ბავშვი იღებს ამ ბილეთებს, 80 ათასი კი არა 140 ათასი იღებს და სწორედ იმისთვისაა ეს, რომ არ იშიმშილონ", - ამბობს არველაძე.

დეპუტატმა, მსგავსად მისი გუშინდელი განცხადებისა, დღესაც, ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და ბავშვების შიმშილში დამნაშავეებად ოპოზიცია მოიხსენია.

არველაძის თქმით, სწორედ ოპოზიციის ქმედებებმა გახადა საქართველო "მომეტებული რისკის ქვეყანა" და ინვესტიციის ჩადების სურვილი აღარავის უჩნდება.

მისივე შეფასებით, დღეს, როდესაც ლაპარაკია ქვეყანაში არსებულ გაჭირვებასა და შიმშილზე, ეს პრობლემა "ასე თუ ისე გადაწყვეტილია".

გუშინ, 4 თებერვალს, რევაზ არველიძემ რევაზ არველაძემ მთავარი არხის კითხვას, რომელიც UNICEF-ის 2017 წლის მონაცემებს შეეხებოდა უპასუხა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ და დაუჯერებელია, რომ ყოველი მე-5 ბავშვი ქვეყანაში შიმშილობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბავშვების 6.8% ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია $1.25 დღეში). 

UNICEF-ის კვლევით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების მონაცემები 4.3%-ით გაიზარდა. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი).

კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.

ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015-დან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა.

კომენტარები