Bloomberg-ის სტატია

BLOOMBERG: აშშ-მ საქართველოს ჩრდილოვან ბოსს პასუხი უნდა მოსთხოვოს

REUTERS

"აშშ-მა საქართველოს ჩრდილოვან ბოსს პასუხი უნდა მოსთხოვოს" - ამ სახელწოდების სტატია საქართველოსა და არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ში 4 თებერვალს გამოქვეყნდა

სტატიაში ავტორი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში შექმნილ ვითარებას, რომელიც ავტორისვე შეფასებით, "ავტორიტარიზმისკენ დაჩქარებული სვლაა".

ამასთან აღნიშნულია, რომ კონგრესმენების წერილები პრემიერმინისტრ გახარიასადმი აძლიერებს ილუზიას, რომ გიორგი გახარია მართლაც აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას და სწორედ ამიტომ, კონგრესმენებმა და სენატორებმა თავიანთი წუხილები და შეშფოთებები პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უნდა გაუზიარონ.

ამასთან, სტატიის ავტორის, ელი ლეიქის, თქმით, ბიძინა ივანიშვილის, დაახლოებით, $5-მილიარდიანი ქონება, რომელიც დასავლეთშია დაბანდებული, აშშ-ის მხრიდან მკაცრ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. 

წაიკითხეთ წერილი სრულად: 

"იდეალურ სამყაროში აშშ-ის პრეზიდენტი რამდენიმე წუთს გამონახავდა იმისთვის, რომ გამოეხატა თავისი შეშფოთება საქართველოს ავტორიტარიზმისკენ დაჩქარებული სვლის შესახებ, რომელიც წარსულში დასავლეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო. 

ცხადია, არც მსოფლიო და არც აშშ-ის პრეზიდენტი იდეალური არ არის. ამიტომაც, ამ წუთისთვის ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია კონგრესისთვისაა დატოვებული. ბოლო ორ თვეში საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, აშშ-ის კანონმდებლებისგან სამი წერილი მიიღო, სადაც გამოხატული იყო წუხილები მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირების უკან წაღების გამო. ცნობები იმის შესახებ, რომ გახარია მიზნად ისახავს, საქართველოს უზენაესი სასამართლო ჯიბეში ჩაისვას ახალი მოსამართლეების გადავსებით, რომლებიც მისი პარტიის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ასევე იქცევს იმ კანონმდებლების ყურადღებას, რომლებიც დეკემბერში აშშ-ში საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც მათ მოუწოდეს, მკაცრად გაეპროტესტებინათ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები. 

ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი სენატორებისგან, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინისგან, გამოიგზავნა, რომლებიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე და დემოკრატი წევრი არიან. მათ გასულ კვირას დაწერეს, რომ "ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ უფრო ღრმა მტკიცებულებაა". მიზანში ამოღებამ ახალი ფორმები შეიძინა. ოპოზიციის ზოგიერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი გუნდისადმი ლოიალურად განწყობილი "ტიტუშკები" - სტანდარტული რამ ფსევდო-რესპუბლიკებისა და პოლიციური სახელმწიფოებისთვის. ამასთან, რამდენიმე მოსამართლემ წლების წინანდელი საქმეები განაახლა ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, მაგალითად, როგორიცაა პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, გიგა ბოკერია. 

ეს არის ის ნამდვილი საფრთხეები, რაც საქართველოს დემოკრატიას ემუქრება. თუმცა, ამ წუთას ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოსთვის მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყნის დე-ფაქტო მმართველია. მან დააარსა და ხელმძღვანელობს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას. და გახარიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა მის სურვილზეა დამოკიდებული. 

სანამ პრემიერმინისტრი გახდებოდა, გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც გასცა იმ ქართველების ძალადობრივად დაშლის ბრძანება, რომლებიც ქართული სუვერენიტეტის სიმბოლურ შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ: მმართველმა გუნდმა რუსეთის დუმის წევრები თბილისში საპარლამენტო დიალოგზე მოიწვია. 2008 წლის შემდეგ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპუპირებული. ეს ქართველებისთვის გასაგები მტკივნეული წერტილია. პროტესტის შემდეგ მმართველი გუნდი რეფორმების სერიას დათანხმდა, თუმცა სექტემბერში გახარიას დანიშვნით ეს პირობები არ შესრულდა. 

გახარიას დანიშვნა არსებული კრიზისის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. განსხვავებით საქართველოს პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილისა, ის თითქმის არ ყოფილა ქვეყანაში ბოლო პერიოდის გამოკლებით. მან თავისი რუსული მოქალაქეობა მხოლოდ 2013 წელს დათმო, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

ამ ფაქტორების ფონზე, კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტურები იქნებოდნენ, თავიანთი წუხილები პირდაპირ ივანიშვილისთვის რომ გაეზიარებინათ. კონგრესის აპარატის წევრმა, რომელიც საქართველოს პოლიტიკაზე მუშაობს, მითხრა, რომ კონგრესის წევრები, როგორც წესი, ოფიციალურ მიმართვებს არ წერენ კერძო პირებს. 

ჩვეულებრივ, ეს ჭკვიანური პრაქტიკაა. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ეს აძლიერებს ილუზიას, რომ გახარია მართლაც აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას, განსხვავებით ივანიშვილისგან. დღეს ივანიშვილი თავისუფალ რბოლაშია. მას შეუძლია სცენის მიღმიდან მოქაჩოს ძაფები ისე, რომ არ მოუწიოს პასუხისმგებლობის აღება ქართველი ამომრჩევლებისა, თუ ქვეყნის მნიშვნელოვანი დასავლელი მოკავშირეებისგან. 

როგორც გასულ წელს ვწერდი, აშშ-მ უნდა განიხილოს იმ შესაძლებლობის წამოწევა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი და მისი, დაახლოებით, $5 მილიარდის ქონება, რომლის ნაწილიც აშშ-შია ინვერსტირებული, მკაცრ შემოწმებას დაექვემდებარება, თუ მისი პარტია ავტორიტარიზმისკენ სვლას გააგრძელებს. მაშინაც კი თუ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ შორსაა მოცემული მომენტისთვის, დიდი ხანია, მოსულია ის დრო, რომ საქართველოში ძალაუფლების რეალურ გამთამაშებელს პასუხისმგებლობა დაეკისროს მისი მინიონების მოქმედებების გამო". 

კომენტარები