აშშ-საქართველო

"კონგრესმენებთან ვიქნები ძალიან ღია და ძალიან გულწრფელი" - ზალკალიანი აშშ-ში იმყოფება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში იმყოფება. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო საქმეთა მინისტრების 5 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც რელიგიის თავისუფლების საკითხებს ეხება, "მნიშვნელოვან საკითხებზე კომუნიკაციისთვის" გამოიყენებს. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ შეხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს, ასევე, გამართავს შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სენატში.

"ეს ორდღიანი ვიზიტი იქნება კარგი საშუალება, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მივაწოდო ყველა ჩვენ ხელს არსებული ინფორმაცია, როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე საკითხებზე" - ამბობს ზალკალიანი.

რაც შეეხება ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების კრიტიკულ წერილებს საქართველოს მთავრობის მიმართ, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას ამერიკელ პარტნიორებთან გულწრფელი საუბარი ექნება.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, პირველ რიგში სენატორები და კონგრესმენები საქართველოს განიხილავენ როგორც ლიდერ ქვეყანას, რომელსაც რეგიონში აქვს დაწესებული ძალიან მაღალი სტანდარტები დემოკრატიის. სწორედ ამ მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე არის მათი მომართვა ჩვენთან დაკავშირებულ დემოკრატიულ პროცესებთან მიმართებით. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობრის რჩევას და ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი" - ამბობს ზალკალიანი და აღნიშნავს, რომ "სუბიექტურია თუ ობიექტური ინფორმაცია", ამაზე იმსჯელებენ.

"მე მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი, მე ვიქნები ძალიან ღია მათთან, ძალიან გულწრფელი და მაქსიმალურად მივაწვდი ყველა ჩვენ ხელთ არსებულ სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, ამ კომუნიკაციით და ქმედებებით, რა ქმედებებსაც საქართველოს მთავრობა აქამდე ახორციელებდა, ახორციელებს დ მომავალშიც განახორციელებს, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარნტიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავა, კიდევ უფრო გაძლიერდება, არათუ რაიმე ოდნავი ჩრდილი მიადგება ამ ჩვენს ძალიან მყარ ურთიერთობებს" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის "ზუსტი ინფორმაციის" მისაწოდებლად ვაშინგტონში 5 თებერვალს ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციაც მოემგზავრება. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ "ოპოზიციის მხრიდან შეცდომაში შეყვანილ" საერთაშორისო პარტნიორებს "პირდაპირი კომუნიკაციით" საპირისპიროში დაარწმუნებენ და "შესაბამის შედეგს" მიიღებენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ პირველი წერილი გიორგი გახარიამ კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისგან, მიიღო. წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ, თავზარდამცემია.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო. წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

30 იანვარს საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი იყვნენ, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუკი პროცესები საქართველოში ასე გაგრძელდება, "ამერიკა შეიძლება, იძულებული გახდეს, საქართველოსთან პარტნირობას გადახედოს". 

ტეხასელ კონგრესმენს პიტერ ოლსონს მართალია გახარიასთვის წერილი არ მიუწერია, თუმცა მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხი კორუმპირებულ მთავრობაზე უკეთესს იმსახურებს".

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და მას ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

31 იანვარს საქართველოში მიმდინარე პროცესს კონგრესმენი უილ ჰარდიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ "თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს", რომლებიც ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმის მიღებას ითხოვენ, აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები