მიხეილ ხუბუტია

"პუტინს ახლაც ვაქებ" - პრორუსი ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია კახეთში მიწებს ყიდულობს

მთავარი არხი

პრორუსი ბიზნესმენი, "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია კახეთში მიწებს ყიდულობს.

იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, საქართველოს კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა არ შეუძლია. ხუბუტია განმარტავს, რომ ქონება მისი ცოლის დის სახელზეა გაფორმებული.

ის თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში იმყოფება, სადაც დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველიც მივიდა​.

ბოტკოველმა ხუბუტიას ქვეყნის მოღალატე უწოდა და უთხრა, რომ ის საქართველოში პუტინის წარმომადგენელია. საპასუხოდ, პრორუსმა ბიზნესმენმა მას უთხრა, რომ "ჩაკლავს ღორივით".

"შენ ხარ მოღალატე და დებილი ხარ ბიჭო შენ. შენ ხარ დებილი-თქო, წადი შენი! დებილო მართლა. ჩაგკლავთ ღორივით", - თქვა ხუბუტიამ.

მთავარ არხთან ინტერვიუში გიორგი ბოტკოველი ხაზს უსვამს ხუბუტიას იმ განცხადებას, სადაც პრორუსმა ბიზნესმენმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

"ეს ადამიანი არის იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ფიქრობს, რომ ვენახი უნდა გააშენოს. ეს ადამიანი ნამდვილად არ იმსახურებს ამ ვენახის მადლს. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდეგ, ომის შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ ომი დაიწყო საქართველომ. როგორც ჩანს, პუტინს და რუსეთის ფეესბეს არ ჰყოფნის ის დასაყრდენი, რომელიც აქვს საქართველოში და დამატებით თავისი ჯაშუშები მოავლინა", - თქვა ბოტკოველმა.

მიხეილ ხუბუტიას განცხადებით, კახეთში მიწების ყიდვა მისი ინვესტიციაა.

"მე ვარ როგორც რუსეთის მოქალაქე, ისე დიდი ბრიტანეთის. ჩემი ფული ჩამომაქვს და ჩემი ფულით ვაკეთებ. სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა არ შეუძლია, თუ საქართველოს მოქალაქე არ არის. მფლობელი არის ნონა ჯანაშია, ჩემი მეუღლის და, მე ვეხმარები გაწყობთ ესე?", - უთხრა მან მთავარ არხს.

პრორუსი ბიზნესმენი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს უთხრა, რომ პუტინს ახლაც აქებს და ეს მისი საქმე არაა.

"რად მინდა ომი ვინ დაიწყო, რა შუაშია ქალბატონო, არ არის ომი, რისი ომი, რა ომი. პუტინს ახლაც ვაქებ, ვის ვაქებ მე რა თქვენი საქმეა, სად ვენახი და სად პუტინი, სად პუტინი და სად სააკაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკა რა თქვენი საქმეა, ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა", - თქვა მან.

კომენტარები