ოხანაშვილი: სტრატეგიული პარტნიორის დასავლურ კურსში დარწმუნება არ გვჭირდება, ეს ნათელია

აიპრესი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის დასავლურ კურსში დარწმუნება არ სჭირდება, რადგან ეს "ცალსახა და ნათელია".

"ამასთან მიმართებაში არ არსებობს კითხვის ნიშნები ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან",-თქვა ოხანაშვილმა.  

ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ვაშინგტონში ვიზიტისას პოლიტიკურ პროცესებსა და 2020 წლის არჩევნებს განიხილავენ.

"ძალიან მაღალი რანგის დონეზე იქნება საინტერესო დისკუსია და მსჯელობა. მჯერა, რომ იქნება საინტერესო გზავნილები და განცხადებები",-თქვა ოხანაშვილმა. 

2019 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილი აშშ-ის კონგრესის და სენატის არაერთმა წევრმა გამოუგზავნა. ბოლო ასეთი წერილი 29 იანვრით თარიღდება და მას ხელს შშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი არიან.

ოთხი ამერიკელი კონგრესმენის, კინზინგერის, კონორის, ენგელისა და მაკკაულის წერილში აღნიშნულია, რომ "შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში."

სენატორებმა რიშმა და შაჰინმა წერილში აღნიშნეს შიში, რომ "რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში".

კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის პუტინის მარიონეტი უწოდა.

კომენტარები