გიორგი რურუას საქმე

ვაშაძე: რურუას იარაღი მთავარი არხის და სირცხვილიას დაფინანსების გამო ჩაუდეს

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გიორგი რურუა ორი მიზეზის გამოა დაკავებული - ერთი მთავარ არხში მის წილებს უკავშირდება და იმ ფაქტს, რომ ის ერთერთი პირველი იყო, ვინც მთავარ არხს ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა და მეორე მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურ მხარდაჭერას. 

ამის შესახებ ვაშაძემ საქალაქო სასამართლოსთან ისაუბრა, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა რურუას პროცესის პარალელურად მხარდამჭერი აქცია გამართეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ. 

"სწორედ ამ ორი მიზეზის გამო მას ჩაუდეს იარაღი და ის იმყოფება საპატიმროში. ეს იცის ყველამ და ეს ფაქტები დადგენილია," - ამბობს ვაშაძე. 

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუა საპატიმროდან ძალიან მალე გათავისუფლდება. 

"სენატორების, კონგრესმენების წერილები შემთხვევითი არ არის. სწორედ ამ ტიპის დაკავებებს უკავშირდება მათი წერილები,"- ამბობს გიორგი ვაშაძე. 

რურუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა. 

31 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომლის არგუმენტსაც რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა. 

რურუას ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავების დროს მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან იყო დაკავშირებული და მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. 

კომენტარები