გიორგი რურუას საქმე

რურუას პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქტივისტები და ოპოზიცია აქციას მართავენ

ტაბულა

მთავარი არხის ერთერთი მეწილის, გიორგი რურუას, სასამართლო პროცესის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების აქციას მართავს. მათ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც შეუერთდნენ. 

მოძრაობა სირცხვილიას ერთერთი ლიდერი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ გიორგი რურუას საქმე სტანდარტული მაგალითია იმისა, თუ როგორ აკონტროლებს ქართული ოცნება როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

"ზუსტად ეს სამი რგოლი იყო საჭირო იმისთვის, რომ გიორგი რურუას საქმე შეგეკერა. როგორც ვიცით, გიორგი რურუა იყო ძალიან აქტიური მხარდამჭერი ჩვენი მოძრაობის, მთელი 100 დღის განმავლობაში და შემდეგაც და ასევე ის იყო მთავარი მეწილე ყველაზე კრიტიკული არხის, რაც ძალიან არ მოსწონთ,"- ამბობს რუხაძე ტაბულასთან საუბარში. 

რურუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა. 

31 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომლის არგუმენტსაც რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა. 

რურუას ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავების დროს მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან იყო დაკავშირებული და მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. 

კომენტარები