სენატორ ვიკერის წერილი

წერეთელი წერილზე: თუ "ოცნებას" კიდევ აქვს ადეკვატურობის განცდა, უნდა მიიღოს პროპორციული

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ამერიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის, წერილს ეხმაურება. 

წერეთლის თქმით, წინა კვირაში საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული მოსაზრება გაისმა, მათ შორის ევროპარლამენტარების განცხადებები და ამერიკელი კონგრესმენების წერილები პრემიერმინისტრის სახელზე, თუმცა დეპუტატი სენატორ ვიკერის წერილს უსვამს ხაზს. 

"ეს არის ერთერთი, ალბათ, ყველაზე გავლენიანი სენატორი, ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი და ამას გარდა, ის არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ეს კომისია არის ამერიკის ხელისულფებაში, ალბათ, მთავარი სტრუქტურა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით. გარდა ამისა, ის არის ევროპული საპარლამენტო ასამბლეის ერთერთი ლიდერი," - ამბობს წერეთელი.

დეპუტატის თქმით, გამომდინარე აქედან, ყველა ის საკითხი, რომელიც წერილშია აღნიშნული, მიუთითებს იმაზე, რომ მდგომარეობა ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა.

"მე მინდა საგანგებოდ განვაცხადო ის, რომ როდესაც ამ დონის პოლიტიკოსი, ასეთი გავლენიანი სენატორი ამბობს, რომ თუკი არ იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და არ იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, მაშინ შესაძლებელია, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს საფრთხის ქვეშ, ეს არის მართლაც ძალიან შემაშფოთებელი განცხადება,"- ამბობს წერეთელი. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მაგალითისთვის არ გააკეთებს ისეთ განცხადებას, როგორიცაა "100 სენატორიდან მხოლოდ ერთმა გააკეთა განცხადება". 

"რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ძალიან დამამძიმებელი იქნება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გარკვეული დრო არსებობს და არსებობს ოპოზიციაშიც გარკვეული მზადყოფნა იმისთვის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად იყოს მოლაპარაკება,"- ამბობს დეპუტატი. 

გიგი წერეთლის თქმით, თუ ხელისუფლებას ვითარების ადეკვატური განცდა აქვს, სწორედ ოპოზიციის ამ განწყობით უნდა ისარგებლოს და გადადგას ნაბიჯები დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად. 

"სხვა შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, გართულდება და სხვა არასასურველი სცენარები არავისთვისაა მიზანშეწონილი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის,"- ამბობს წერეთელი. 

წერილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მალავდა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სენატორ ვიკერისგან 19 დეკემბერს მიიღო. 

სენატორ ვიკერის წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

სენატორმა ასევე ოპონენტების მიმართ პოლიტიკურ დევნაზეც ისაუბრა. 

სენატორის წერილის გარდა, პრემიერმინისტრმა გახარიამ კონგრესმენებისგან 4 კრიტიკული წერილი მიიღო. 

კომენტარები