თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

უდუმაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე: ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა

ტვ პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, ვინც მათი პარტიის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, ფიზიკურად გაუსწორდა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხაბეიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი.

"ქართულმა ოცნებამ მოახერხა და ეს შენობა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს თბილისელების ინტერესებს, გადააქცია კრიმინალების ბუდედ. აქ არის ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფება დაბუდებული, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ოპონენტებს.

ამდენი ადამიანი იყო საკრებულოში ქართული ოცნებიდან, ერთი იყო ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკური არგუმენტები რომ არ ჰქონდათ, ადგნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ეს არ მომხდარა სპონტანურად, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, რომელიც მზადდებოდა, რომ გასწორებოდნენ ჩვენი პარტიის ერთერთ ყველაზე აქტიურ წევრს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად

აბსოლუტურად ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმასა და ამ კრიმინალურ გარჩევაში" - თქვა უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, ცოტა ხნის წინ სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი, ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის, თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

"თარაშ შურღაიას ხელის მოქნევის შემდეგ, მთელი ქართული ოცნება დაგეგმილად დაესია თავს ხაბეიშვილს, მათ შორის ცინცაძე, მათ შორის ჩაკვეტაძე, ზარქუა და ა.შ. დაესიეს, წააქციეს და წაქცევის შემდგომაც გრძელდებოდა მასზე ძალადობა," - ყვება დეპუტატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები