კონგრესმენების წერილი

ბაქრაძე: ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკამ უკვე მიიღო შეუქცევადი საერთაშორისო სახე

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს არის უკვე მეორე კრიტიკული წერილი ამერიკის კონგრესიდან, ამას ემატება მწვავე კრიტიკა ევროპარლამენტში. ლიეტუვის პრეზიდენტის ძალიან კრიტიკული განცხადება გუშინ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკამ უკვე მიიღო შეუქცევადი საერთაშორისო სახე.

მთავარი, რაც აქ არის გახლავთ ისაა, რომ ეს ყველა ადამიანი, ვინც აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, არის საქართველოს მეგობარი და ისინი არიან ის პოლიტიკოსები, ვისაც უნდათ საქართველო იხილონ წარმატებული, ევროპული მომავლის მქონე დემოკრატიად.

როგორია პასუხი მეგობრების კრიტიკაზე ქართული ოცნების მხრიდან? ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ პრობლემების მოგვარებაზე და სიტუაციის გამოსწორებაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება პირიქით, ებრძვის ამ ადამიანებს, ცდილობს მათ დისკრედიტაციას, და ცდილობს მათზე პოლიტიკურ შეტევას. ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლების პასუხი მეგობრების კრიტიკაზე, ეს არის ის, როგორც იქცევიან ვადაგასული, გაბანკროტებული რეჟიმები, როდესაც ისინი იღებენ კრიტიკას დასავლური სამყაროდან. ამას აჩვენებს ქართული ოცნების რეაქცია.

მათი რეაქცია აჩვენებს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულად ამოწურა პოზიტიური განვითარების რესურსი და ხდება მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ამის დასტურია ის კრიტიკა, რომელიც ყველა დასავლური მიმართულებიდან მოდის - ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, სტრასბურგიდან...

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, დასავლელი მეგობრების მხარდაჭერის პირობებში ბოლომდე მივიყვანოთ ის ამოცანა, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა და რასაც უკვე ნათელია, რომ დღეს სჭირდება ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება პირველივე არჩევნებზე მშვიდობიანად, დემოკრატიულად, ევროპულად სახლში გავუშვათ ქართული ოცნება, ქვეყანას მოვაშოროთ ის მთავარი დაბრკოლება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ და დასავლურ მომავალს, რაზეც უკვე ღიად საუბრობენ ჩვენი პარტნიორები.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე. "ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერმინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ", - დაწერა კინზინგერის პრესსამსახურის უფროსმა გუშინ ტვიტერზე.

კომენტარები