თავდასხმა სამხედრო ბაზაზე

8 იანვარს ერაყში სამხედრო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

Reuters

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით 8 იანვარს ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა და მკურნალობა გაიარეს.

"8 იანვარს ალ ასადის ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაღუპულან, თუმცა რამდენიმეს აფეთქების შემდეგ ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და უმკურნალეს. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კვლავ აკვირდებიან." თქვა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერმა კაპიტანმა ბილ ურბანმა.

მისივე ინფორმაციით შეფასებისათვის რამდენიმე სამხედრო გერმანიასა და ქუვეითში აშშ-ის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

"როდესაც ექიმები დაადგენენ, რომ ისინი მზად არიან სამხედრო სამსახურს დაუბრუნდნენ, ისინი კვლავ ერაყში დაბრუნდებიან." თქვა მან.

სარაკეტო თავდასხმა 3 იანვარს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე ირანის პასუხი იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ და მომზადებულები დახვდნენ, შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აუქმებს არსებულ შეთანხმებებს საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან. მიღებული რეზოლუციით პარლამენტი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, დაასრულოს ნებისმიერი უცხო ქვეყნი ჯარების დისლოცირება ერაყის ტერიტორიაზე. ამავე რეზოლუციით უცხო ქვეყნებს ეკრძალებათ ერაყის ტერიტორიის და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებით გამოყენება.

კოალიციური ძალების გაყვანის მოთხოვნა დღის წესრიგში ერაყში ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დადგა. 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ რეგიონში დამატებით 3 ათასზე მეტ სამხედროს აგზავნიდა. 

პარლამენტის გადაწყვეტილების პასუხად დონალდ ტრამპი ერაყს მკაცრი სანქციებით დაემუქრა და თქვა, რომ აშშ-მა ერაყში მილიარდობით დოლარი ჩადო და ამ თანხის დაბრუნების გარეშე არ წავლენ.

ამჟამად ერაყში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში 5,000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

კომენტარები