აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომი

აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომი შეჩერებულია - როგორია შუალედური შედეგები

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის მთავარი ბრძოლა - სავაჭრო ომი ჩინეთთან შეჩერებულია. აშშ-მა თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური დაპირისპირება დროებით შეაჩერა. მანამდე კი, ამერიკელი ეკონომისტები სავაჭრო ომის შუალედურ შედეგებს აკვირდებიან, როგორც ჩანს, დაპირისპირების შედეგად უფრო მეტად ამერიკამ იზარალა. 

2018 წლიდან მოყოლებული დონალდ ტრამპმა 370 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფები დაააწესა. დაწესებული ტარიფების ეფექტი ეკონომიკაზე მყისიერად არ აისახება და შესაბამისად, შუალედური შედეგების შედარებითი სიზუსტით შეფასება შესაძლებელი ცოტა ხნის წინ გახდა. 

ამერიკის ცენტრალური ბანკის ექსპერტებმა საკითხთან დაკავშირებით ორი კვლევა ჩაატარეს. კვლევების მიხედვით, სავაჭრო ომის შედეგად ჩინეთზე დიდი ზიანი აშშ-ის ეკონომიკას მიადგა. ტარიფებმა შექმნა დამატებითი ბარიერები და ვერ მიაღწია სასურველ მიზანს, გაზრდილიყო ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. 

თეორიის საპირისპიროდ, სავაჭრო ტარიფების შედეგად არ შემცირებულა ფასები ჩინურ პროდუქციაზე. კვლევის მიხედვით ნათელი ხდება, რომ დამატებითი ხარჯების მთელი ტვირთი ჩინურ საქონელის ამერიკელ იმპორტიორებს დააწვა. იმპორტიორების ნაწილს საანგარიშო პერიოდში შეუმცირდა მოგება, ზოგი მათგანი დამატებითი ხარჯების დაფარვას პროდუქციაზე ფასის გაზრდით შეეცადა.

ფედერალური რეზერვის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ეს პირველადი შეფასებაა და გრძელვადიან პერსპექტივაში აგრესიულმა სავაჭრო პოლიტიკამ შესაძლოა განსხვავებული შედეგები დადოს. 

ამავდროულად, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მათ კვლევაში საუბარია ზარალის არასრულ მოცემულობაზე. რადგანაც კვლევა ეყრდნობა სტატისტიკას და არა გამოკითხვას, კვლევა ვერ ითვალისწინებს გაზრდილ პესიმისტურ მოლოდინებს და სიფრთხილეს. 

სავაჭრო ომის პირობებში იზრდება გაურკვევლობა - უცნობია, როგორი იქნება ვაჭრობის პირობები ხვალ, ეს კი ინვესტორებს უბიძგებს, გააჭიანურონ ინვესტიცია და დაელოდონ უფრო გარკვეულ მოცემულობას. ეს თავის მხრივ აფერხებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდას.

ამერიკელი ეკონომისტების დასკვნებს ამყარებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც, დროებით შეაჩეროს მიმდინარე სავაჭრო ომი და ჩინეთთან შუალედური შეთანხმება გააფორმოს. 

დონალდ ტრამპი წინა წელს კიდევ 160 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესებას გეგმავდა, თუმცა ჩინეთის მხრიდან გაკეთებული დათმობების ფონზე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკეკების შემდეგ, მხარეებს შორის შუალედური სავაჭრო შეთანხმება გასული წლის დეკემბერში შედგა, რომელსაც ხელი 15 იანვარ მოეწერა. 

როგორც ჩანს, ეს ზავი გარკვეული პაუზაა საბოლოო მიზნამდე. ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მესამე წელია ცდილობს, პეკინი აიძულოს, უარი თქვას ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვაზე. აშშ ცდილობს, რომ პეკინმა დაიწყოს საავტორო უფლებების აღიარება, შეამციროს სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან და ამგვარად შეინარჩუნოს ამერიკის ტექნოლოგიური და ეკონომიკური პირველობა მსოფლიოში. 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა ჩამოთვლილი მიზანს დონალდ ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაში მიაღწევს. გაპრეზიდენტების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგს არაერთი მიმართულებით შეუტია, მათ შორის იყო აშშ-ის გამოსვლა პარიზის კლიმატისა და ირანის ბირთვული შეთანხმებებიდან. 

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-მა გააუქმა არსებული სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან, კანადასთან და მექსიკასთან. მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ სავაჭრო ომების შედეგად მსოფლიო ეკონომიკის დაკარგული სარგებელი 700 მილიარდ დოლარს აღემატება. 

"ჩვენ შევაფასეთ სავაჭრო ომების შესაძლო გავლენა ამერიკელი მომხმარებლის ჯიბეზე და აღმოჩნდა, რომ 2019 წლამდე დაწესებული ტარიფები ამერიკელ იმპორტიორებს 4,4 მილიარდი დოლარი დაუჯდათ", — ნათქვამია ფედერალური რეზერვის ნიუ-ორკის ფილიალის ეკონომისტების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. 

კვლევაში ეკონომისტები დამდგარ შედეგებს მოულოდნელს უწოდებენ. "საერთაშორისო ვაჭრობის თეორიის მიხედვით, როცა დიდი ეკონომიკა აწესებს დამატებით ტარიფებს იმპორტირებულ საქონელზე, ამან უნდა აიძულოს მიმწოდებლები, შეამციროს პროდუქციის ფასი. ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ დამატებითი ტარიფების მთელი ტვირთი არა ჩინეთის ეკონომიკას, არამედ, ამერიკელ იმპორტიორებს დააწვათ", — აღნიშნულია კვლევაში. 

საქმე ისაა, რომ მსგავსი რამ თანამედროვე მსოფლიოს პრაქტიკაში არ მომხდარა და ეკონომისტებს არ ჰქონიათ შესაძლებობა, პრაქტიკაში გამოეცადათ თეორიული დაშვებები. 

კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელიც ამერიკულ ეკონომიკას შეექმნა, ეს ახალ რეალობასთან ადაპტირების ხარჯებია, რომელიც კომპანიებმა გასწიეს. ამავდროულად, მაღალი ამერიკული ტარიფების გამო ჩინეთიდან გასული მწარმოებლები უმთავრესად არა აშშ-ში, არამედ ვიეტნამში გადავიდნენ. მარტივად რომ თქვათ, ჩინური იმპორტი ამერიკაში შემცირდა, მაგრამ ფასები გაიზარდა. 

ეკონომისტების შეფასებით, 10%-იანი დამატებითი ტარიფი ამოქმედებიდან პირველ სამ თვეში იმპორტს ამდენითვე ამცირებს, თუმცა ეფექტი მომდევნო პერიოდში ორმაგდება. აქედან გამომდინარე, 2018 წლის ოქტომბერში დაწესებული ტარიფების ეფექტის პირდაპირი გამოვლინება ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

გამონაკლისი აღმოჩნდა ფოლადის წარმოების სექტორი, სადაც დამატებითი ხარჯები თავის თავზე მიმწოდებლებმა აიღეს, თუმცა აშშ-ში იმპორტირებული ფოლადის რაოდენობით ჩინეთი მხოლოდ მეათე ადგილს იკავებს. 

"ეს კარგი ამბავია ფოლადის ამერიკელი მომხმარებლებისთვის, თუმცა ცუდია იმ პირებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ტარიფების ამოქმედების შემდეგ აშშ-ში დაკარგული სამუშაო ადგილები დაბრუნდებოდა", — წერენ ეკონომისტები.

ჩინურ ფოლადზე ტარიფების დაწესებას ტრამპი ამერიკელ მეტალურგებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაპირდა და სიტყვა 2018 წლის მარტში შეასრულა. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ფოლადის მწარმოებლები წარმოების გაფართოებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა ზრდა არც თუ შთამბეჭდავ 2%-ზე შეჩერდა. 

რაც მნიშვნელოვანია, არ გაზრდილა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. პირიქით, კვლევის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკულმა კორპორაციამ U.S. Steel-მა დეტროიტში საკუთარი საწარმოს დახურვის შესახებ განაცხადა. უმუშევარი დარჩა ქარხანაში დასაქმებული 1 500 ადამიანი. 

მკვლევარების მეორე ჯგუფმა კიდევ უფრო უარყოფითი შეფასებები დადო. კვლევის მიხედვით, სავაჭრო ომმა არათუ ხელი შეუწყო აშშ-ის ექსპორტის ზრდას, არამედ პირიქით, დააბრკოლა კიდეც. ეკონომისტების ინფორმაციით, აშშ-ის ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სექტორის ბუმის წყალობით არ შემცირდა. 

კვლევის მიხედვით, სავაჭრო ომის გამო სხვა სექტორებში შემცირებული ექსპორტი, სწორედ ნავთობისა და გაზის სექტორის აღმავლობის მეშვეობით დაბალანსდა. დაზარალებულებს შორის აღმოჩნდნენ ამერიკელი ფერმერებიც. მიყენებული ზიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფერმერებს სუბსიდიების სახით აუნაზღაურა. თავის მხრივ ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებული თანხები სწორად სოფლის მეურნეობის სუბსიდიებს მოხმარდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის მიერ აშშ-ის საპასუხოდ დაწესებული ტარიფები ყოველ მეორე შტატზე აისახება. აშშ-ის სავაჭრო პალატამ შეიმუშავა სპეციალური რუკა, სადაც ჩანს, კონკრეტულად რომელ შტატს რა რაოდენობის ზიანი მიადგა.

ფედერალური რეზერვის ეკონომისტების თქმით, მიმდინარე ფორმით განხორციელებული ეკონომიკური პროტექციონიზმი კონტრპროდუქტიულია. "მონაცემებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ იმპორტისგან დამცავი ტრადიციული მეთოდები მოკლევადიან პერსპექტივაში სრულიად არაეფექტურია, ამის მიზეზი კი საპასუხოდ მიღებული ზომებია, რომელიც ამცირებს კონკურენტუნარიანობას და ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას".

ამ შუალედური შედეგების მიუხედავად, შესაძლებელია პოლიტიკის გრძელვადიანი შედეგები მიმდინარე მოცემულობისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდეს. 

კომენტარები