რუსეთი

პუტინი ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან სამხედრო წვრთნებს და სარაკეტო გამოცდას დაესწრო

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან სამხედრო წვრთნებს დაესწრო, მათ შორის ზებგერითი სარაკეტო სისტემის გამოცდას.

ინფორმაციას ამის შესახებ TASS ავრცელებს. წვრთნებში 30-ზე მეტი საზღვაო, 40-ზე მეტი საჰაერო და ერთი წყალქვეშა ხომალდი მონაწილეობდა. რაკეტები, რომლის გამოცდამაც ადმირალ ნიკოლაი იევმენოვის თქმით წარმატებით ჩაიარა, სახელწოდებით Kinzhal MIG-31K საბრძოლო თვითმფრინავებიდან გაისროლეს.

პუტინმა თქვა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს ზებგერითი იარაღი, განსაკუთრებით კი საკონტინენტთაშორისო ზებგერითი იარაღი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პუტინმა რუსეთის პარლამენტში გამოსვლისას აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღი აქვს, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია. პუტინის თქმით ახალი ბირთვული რაკეტა 2017 წელს გამოსცადეს და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტი-სარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ. მან საილუსტრაციოდ ვიდეო კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.

გასული წლის 11 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელიც მათი თქმით ახალი რაკეტის გამოცდას ასახავს. მათი თქმით ეს ზებგერითი რაკეტა პუტინის მიერ გასულ თვეს დაანონსებული რაკეტებიდან ერთ-ერთი იყო და ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. განცხადების მიხედვით რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფია და 2,000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ვლადიმირ პუტინმა ამ რაკეტას "იდეალური იარაღი" უწოდა და თქვა, რომ ის "უძლეველი" იარაღებიდან ერთ-ერთია.

თუმცა, ამერიკული მედია აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ახალი ბირთვული რაკეტების ოთხივე გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა.

კომენტარები