ერაყი - ირანი

ერაყის პრემიერმინისტრი: ირანმა შეგვატყობინა, რომ სარაკეტო შეტევა დაწყებული იყო

ადილ აბდულ-მაჰდი

ირანმა ერაყის პრემიერმინისტრს ადილ აბდულ-მაჰდი ერაყში ამერიკისა და ერაყის ბაზებზე ირანის თავდასხმის დროს შეტყობინება გაუგზავნა.

"ოთხშაბათს შუაღამის შემდეგ მალევე ჩვენ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან მივიღეთ ვერბალური შეტყობინება, რომ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე ირანმა პასუხის გაცემა დაიწყო ან ძალიან მალე იწყებდა," - განაცხადა პრემიერმინისტრის პრიკერმა.

თეირანმა აბდულ-მაჰდის უთხრა, რომ მიზანში ამოიღებდნენ მხოლოდ იმ ლოკაციებს, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალები იმყოფებოდნენ, თუმცა ირანს ეს ლოკაციები არ დაუზუსტებია.

მაშინ, როდესაც ირანული რაკეტები ალ ასადის და ერბილის საჰაერო ბაზებზე ეცემოდა, აბდულ-მაჰდის აშშ-იდან დაურეკეს. 

ერაყის პრემიერმინისტრის პრესსამსახურისვე ცნობით, არც ერაყის და არც აშშ-ის კოალიციის სამხედრო ჯარში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან დღეს რამდენიმე საათის წინ განხორციელდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრის დროს რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერაყში სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის დროს "სულ მცირე 80 ამერიკელი ტერორისტი მოკლეს" და სამხედრო ტექნიკა დააზიანეს. 

აშშ-ის სამხედრო ძალების მაღალჩინოსანმა მათ უთხრა, რომ ერაყში აშშ-ის ბაზებზე ირანის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ფლობდნენ და საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ბაზებიდან გასულიყვნენ. 

მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცებმა დროულად მოახერხეს, ბუნკერებისთვის თავი შეეფარებინათ. 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს არც ერაყი და არც აშშ. პენტაგონს ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. გვიან ღამით დანიშნული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო ბრიფინგი გადაიდო. 

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ყველაფერი კარგადაა". 

"ამ დროისთვის მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა! ჩვენ ყველაზე ძლევამოსილი და ყველაზე კარგად აღჭურვილი არმია გვყავს. განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ,"- წერს ტრამპი. 

რევოლუციური გვარდია იმუქრება, რომ მიზანში რეგიონში კიდევ 100 ობიექტი აქვთ ამოღებული იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ირანის რევოლუციური გვარდია უკვე დაიმუქრა ხაიფასა და დუბაის დაბომბვით. 

ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

კომენტარები