მუშაობა

ფინეთის მთავრობა: 4 დღიან სამუშაო კვირასა და 6 საათიან დღეზე გადასვლას არ განვიხილავთ

ფინეთის მთავრობა ტვიტერზე გამოეხმაურა ევროპულ მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ფინეთი ოთხდღიან სამუშაო კვირასა და ექვსსაათიან სამუშაო დღეზე გადასვლას გეგმავდა.

"ფინეთის მთავრობის პროგრამაში საუბარი არაა ოთხ დღიან კვირაზე. საკითხი ფინეთის მთავრობის დღის წესრიგშიც არ დგას. პრემიერმინისტრმა მარინმა იდეაზე გაკვრით ისაუბრა პანელზე გასულ აგვისტოს, როცა ტრანსპორტის მინისტრი იყო და ბოლო დროს, ამ მხრივ ახალი არაფერი მომხდარა." - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში.

როგორც Helsinki Times იტყობინებოდა 2019 წლის 19 აგვისტოს, ფინეთის ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა და მაშინდელმა ტრანსპორტის მინისტრმა სანა მარინმა ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა:

"ოთხდღიანი კვირა, ექვსსაათიანი სამუშაო დღე. რატომ არ შეიძლება, ეს იყოს ახალი ეტაპი? ნუთუ რვა საათი საბოლოო ჭეშმარიტებაა? ვფიქრობ, ადამიანები იმსახურებენ, მეტი დრო დაუთმონ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, ჰობის და ცხოვრების სხვა ასპექტებს, მაგალითად, კულტურას."

მოგვიანებით, ამ ციტატაზე დაყრდნობით გამოცემა New Europe-მა გაავრცელა ცნობა, თითქოს ფინეთის მთავრობა უკვე გეგმავდა ცვლილებების მიღებას. შემდგომში ეს მცდარი ინფორმაცია სხვა გამოცემებმაც გაავრცელეს New Europe-ზე დაყრდნობით.

კომენტარები