უწყლობა ბაკურიანში და გუდაურში

პრემიერმა მთის კურორტებზე უწყლობის პრობლემა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან განიხილა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, "მთავრობის მეთაურთან წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დგამენ." 

მთავრობის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერს, რომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა თქმით, წყალმომარაგების პრობლემები მთის კურორტებზე გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.

გუდაურსა და ბაკურიანში რამდენიმე დღეა წყალმომარაგების პრობლემაა. სასტუმროებისა და მოსალხეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.

კომენტარები